ახალი ამბები

აქედან გავალ და ბიჭებთან თითო ჭიქას დავლევ კაპოტზე – მეჭიაურის კომენტარი

25 ოქტომბერი, 2017 • 18854
აქედან გავალ და ბიჭებთან თითო ჭიქას დავლევ კაპოტზე – მეჭიაურის კომენტარი

“სტრატეგია არის ის, რომ აქედან გავალ და ბიჭებთან თითო ჭიქას დავლევ კაპოტზე”, – ეს კომენტარი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ თამაზ მეჭიაურმა გააკეთა.

ფოტო მეჭიაურის ფეისბუკ-გვერდიდან 16 ოქტომბერი

მეჭიაურის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში მისი კონკურენტის, ლელა ქიტესაშვილის მხარდამჭერი ზაქარია ქუცნაშვილი მას თიანეთში “კაპოტზე მოქეიფეს” უწოდებდა და ამბობდა, რომ კაპოტზე მოქეიფეების დრო წავიდა.

მეჭიაურის თქმით, სასამართლომ ის დანაშაული გამოასწორა, რომელსაც მისი აზრით, თიანეთის საოლქო კომისიაში ჰქონდა ადგილი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური იქნება. სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა და გააუქმა თიანეთის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ 5 ბათილი ბიულეტენი ლელა ქიტესაშვილს მიეკუთვნა.

საოლქოს ამ გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ მეჭიაური არჩევნებს 1 ხმით იგებს და მერი ხდება, რადგან არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობდა და მეორე ტური საჭირო არ არის.

სასამართლოში თამაზ მეჭიაურის ინტერესებს საია იცავდა.

“ქართული ოცნების” კანდიდატს მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩვრება სააპელაციო წესით შეუძლია.

ვრცლად თიანეთის არჩევნებში განვითარებული საეჭვო პროცესების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ნეტგაზეთის სტატია – რამდენიმე საეჭვო გარემოება თიანეთის არჩევნებში

მასალების გადაბეჭდვის წესი