ახალი ამბები

ამომრჩევლის ნების კონტროლის სახელისუფლებო სქემა

25 ოქტომბერი, 2017 • 3197
ამომრჩევლის ნების კონტროლის სახელისუფლებო სქემა

ამომრჩევლის ნების კონტროლი – ასე შეფასდა ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ “ქართული ოცნებისა” და “მემარცხენე ალიანსის” წარმომადგენლების საქმიანობა 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე. როგორც “ნეტგაზეთმა” გაარკვია, ორივე მათგანს, ჯამში, 8717 წარმომადგენელი ჰყავდა აკრედიტებული ამ ფუნქციის შესასრულებლად. ამასთან, ოცნების, ისე როგორც სხვა კვალიფიციური სუბიექტების, წარმომადგენლების შრომის ანაზღაურების თანხა ბიუჯეტიდან იხარჯება.

“ოცნების” წარმომადგენლები “მემარცხენე ალიანსის” ბეიჯებით

ნეტგაზეთი ესაუბრა მოქალაქეს (რომლის ვინაობას არ ვამხელთ), რომელიც 21 ოქტომბრის არჩევნების დღეს თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ოფიციალურად “მემარცხენე ალიანსის” წარმომადგენლად იყო გამწესებული, თუმცა ინსტრუქციები “ქართული ოცნებიდან” ჰქონდა მიღებული.

წყარო გვიყვება, რომ ნათესავის საშუალებით მოხვდა აღნიშნულ ჯგუფში, რომელიც თავის მხრივ ერთ-ერთი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეა.

“არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაგვიბარეს ტრენინგზე, რომ ერთმანეთი გაგვეცნო და გვცოდნოდა, ვისთან გვექნებოდა კონტაქტი,” – იხსენებს ის.

როგორც  ამბობს, ტრენინგი ერთ-ერთი უნივერსიტეტის შენობაში შედგა:

“ეს ტრენინგი ჩუმად ჩატარდა იქ, ყველამ იცოდა, რომ თითქოს რაღაც კონცერტი იყო”.

ჩვენი რესპონდენტის ცნობით, ტრენინგში 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც ფორმალურად სხვადასხვა პარტიებიდან იყვნენ, თუმცა, რეალურად, ყველა ქართულ ოცნებას წარმოადგენდა.

“ეს იმისთვის გააკეთეს, რომ უფრო მეტი ადამიანი ყოფილიყო ამ საქმეში ჩართული, რადგან ერთ ადგილზე ყველა პარტიას თავისი რაოდენობა აქვს დაშვებული წარმომადგენლების”, – გვიყვება წყარო.

მისივე თქმით, ტრენინგი დაახლოებით 1.5 საათს გაგრძელდა:

“ტრენინგზე გვითხრეს, რომ უბანში კომიის რეგისტრატორი წევრების უკან უნდა დავმდგარიყავით იმისთვის, რომ ამოგვეწერა მოსული ამომრჩევლების რიგის ოთხნიშნა ნომერი”, – გვიყვება წყარო.

მონაცემები, რასაც პარტიის წარმომადგენელი იწერდა წარეგისტრაციო სიებიდან

მისი თქმით, უბანზე 2 ადამიანი ასრულებდა ამ საქმიანობას. მის შემთხვევაში ერთს ჰქონდა “მემარცხენე ალიანსის” ბეიჯი (რომელიც არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ოცნების კოორდინატორის საცხოვრებელ სახლში გადასცეს) და მეორეს- ქართული ოცნების, თუმცა დავალება ორივეს ერთი და იგივე ჰქონდა:  

“ყოველ 2 საათში მონაცვლეობით უნდა გავსულიყავით უბნიდან გარეთ, სადაც გვხვდებოდა ერთი პირი, რომელიც იჯდა მანქანაში და მას ვაძლევდით 2 საათის მანძილზე ჩანიშნულ ნომრებს – ვხევდით ბლოკნოტიდან იმ დროისთვის არსებულ მონაცემებს და მერე ვბრუნდებოდით ისევ უბანზე და ა.შ.” – გვიყვება წყარო.

მისივე თქმით, ზუსტად არ იცის, რისთვის სჭირდებოდათ ამ მონაცემების შეგროვება, მაგრამ “ჩემი ვარაუდით, იმისთვის, რომ გაეგოთ, ვინ მივიდა არჩევნებზე და ვინც არ მივიდა, შემდეგ იმათთვის რომ დაერეკათ და მიეყვანათ ხმის მისაცემად”, – ამბობს ის.

არჩევნების დღეს თბილისში არაერთ ამომრჩეველს დაურეკეს “კახა კალაძის მხარდამჭერი კლუბიდან”. ჩვენ დავრეკეთ იმ ნომერზე, საიდანაც მოქალაქეებს ურეკავდნენ. დაგვიდასტურეს, რომ ნომერი მართლაც კალაძის მხარდამჭერთა კლუბის წარმომადგენელს ეკუთვნის. ვკითხეთ, თუ რატომ უკავშირდებოდნენ ისინი მოქალაქეებს, რაზეც გვიპასუხეს:

“უბრალოდ, გვაინტერესებს მოხალისეებიდან, და ეს არის მოხალისეების და სამეგობრო კლუბი, და გვაინტერესებს, ადამიანები მივიდნენ თუ არა არჩევნებზე. არ გვაინტერესებს, როგორი არჩევანი გააკეთეს.”

თუ საიდან მოიპოვეს მათ ტელეფონის ნომრები, ამ კითხვაზე აღარ გვიპასუხეს.

ამომრჩევლის კონტროლი 40 ლარად

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, 2-2 წარმომადგენელი დანიშნოს შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში.

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს საქართველოს მასშტაბით 3634 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი და თითოეულ საარჩევნო სუბიექტს შეეძლო, ჯამში, 7268 წარმომადგენელი ჰყოლოდა უბნებზე. თუმცა ეს კვოტა მაქსიმალურად მხოლოდ ქართულმა ოცნებამ აითვისა, რომელსაც 7243 წარმომადგენელი ჰყავდა.

ხოლო თუ ამ ციფრს “მემარცხენე ალიანსის” წარმომადგენლებსაც დავუმატებთ – 1474 ადამიანს, რომლებიც ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რეალურად ქართული ოცნების დავალებით მუშაობდნენ, აღმოჩნდება, რომ ჯამში, ამომრჩევლის ნების მაკონტროლებლად უბნებზე 8717 წარმომადგენელი ჰყავდა ხელისუფლებას წარდგენილი.

“ნეტგაზეთის” წყაროს ცნობით, ამ სამუშაოს შესასრულებლად 40 ლარის გადახდას დაპჰირდნენ, რომელსაც რამდენიმე დღეში ელოდება. ამას გარდა, მობილურზე ჩაურიცხეს 5 ლარის სასაუბრო დრო.

ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ უბნებზე ქართული ოცნების წარმომადგენლების ხარჯი არჩევნების დღეს იყო დაახლოებით 400 ათასი ლარი.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 43-ე მუხლის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის, ანუ 3634 უბანზე გამოდის 363 400 ლარი; ხოლო ყოველ საარჩევნო ოლქზე დაფინანსება 150 ლარია, ანუ არსებული 73 ოლქის შემთხვევაში – 10 950 ლარი.

კანონის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დაფინანსების თანხას ცესკო შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე ჩარიცხავს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 3 დღისა. ხოლო საარჩევნო სუბიექტი უფლებამოსილია, ეს თანხა გადაანაწილოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში შესაბამის წარმომადგენლებზე ისე, რომ თითოეულ კომისიაში დაფინანსდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლის საქმიანობა.

“მემარცხენე ალიანსი” არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, შესაბამისად, მისი წარმომადგენლების ხარჯებს ბიუჯეტი არ დაფარავს, თუმცა, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მას ხელზე ფულის გადახდას დაჰპირდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები.

25 საარჩევნო სუბიექტის 56 031 წარმომადგენელი

“ნეტგაზეთისთვის” ცესკოდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებს, ჯამში, აკვირდებოდა 56 031 წარმომადგენელი 25 საარჩევნო სუბიექტიდან.

აქედან რაოდენობრივად ქართული ოცნების შემდეგ ყველაზე მეტი – 5027 წარმომადგენელი ჰყავდა ენმ-ს, 4479 – “ევროპულ საქართველოს” და ა.შ.

მთლიანობაში კვალიფიციური სუბიექტების წარმომადგენლები 21 ოქტომბრის არჩევნებზე, რომელთა ანაზღაურებასაც ცესკო დაფარავს ბიუჯეტიდან, ასე გამოიყურება:


კანონის მიხედვით, თუ დაფინანსების მქონე პოლიტიკური პარტია არ დანიშნავს წარმომადგენელს საარჩევნო კომისიაში ან/და არ მოხდება თანხის სრულად ათვისება, პარტია ვალდებულია არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 15 დღის ვადაში წარუდგინოს ცესკოს წერილობითი ინფორმაცია წარმომადგენლების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხების ათვისების შესახებ და ამავე ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.

ამასთან, კანონის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, რომელიც შეყვანილია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ცესკოდან მიღებული ეს დაფინანსება არ ჩაეთვლება ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ შეუწყდება სახელმწიფო დაფინანსება.

პარტიებისა და დამკვირვებლების შეფასებები

“მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ “ნეტგაზეთის” შეკითხვას, ითანამშრომლეს თუ არა ქართულ ოცნებასთან, რომელიც მათ მსგავსად აწარმოებდა უბნებზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვას, განაცხადა, რომ ოცნება მათი კონკურენტი პარტიაა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ “მემარცხენე ალიანსს” 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის უბნებზე მთელი საქართველოს მასშტაბით ჰყავდა 1474 წარმომადგენელი, არჩევნების შედეგებით კი, ამ პარტიამ, ჯამში, იმაზე ნაკლები ხმა (1416 ხმა) მიიღო, რამდენიც წარმომადგენელი ჰყავდა.

“მკაცრად იყო გაფრთხილებული თითოეული აქტივისტი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ბოროტად არ უნდა გამოეყენებინათ თავიანთი სადამკვირვებლო უფლებამოსილებები, მათ შორის, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოეხდინათ ისეთი ინფორმაციის აღრიცხვა, როგორცი არის, მაგალითად, პირადი ნომრები,” – ეს განცხადება პოსტ ფაქტუმ, არჩევნების შემდეგ, 23 ოქტომბერს გააკეთა ქართული ოცნების ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

თუმცა მანამდე, უშუალოდ არჩევნების დღეს, ცესკომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ პარტიების წარმომადგენლები კანონის ფარგლებში მუშაობდნენ, როცა პერსონალურ მონაცემებს აღრიცხავდნენ.

“ეს წარმოადგენს ამომრჩევლის ნების კონტროლს. სამაგიდო სია და სამაგიდო სიის მონაცემები არის პერსონალური მონაცემები, რომლებიც მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს”, – განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.

ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიი ხელმძღვანელის თქმით, არჩევნებში ხმის მიცემა/არმიცემა ადამიანის პოლიტიკური უფლებაა და არავის ინტერესში არ უნდა იყოს ამ მონაცემების შეგროვება.

კორინ იონკერმა ასე უპასუხა შეკითხვას თვითმმართველობის 2017 წლის არჩევნებზე დამკვიდრებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები მემარცხენე ალიანსთან ერთად არჩევნებზე მისული ადამიანების მონაცემებს იწერდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი