მეჭიაური და ქუცნაშვილი თავიანთ ნეპოტიზმზე და ივანიშვილი

მცხეთის რაიონულმა  სასამართლომ ოთხშაბათს უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება თიანეთის მერობის კანდიდატის, თამაზ მეჭიაურის სარჩელზე. თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით დაგეგმილი ტელედებატები “ქართული ოცნების” დეპუტატის,  ზაქარია ქუცნაშვილის და თავად მეჭიაურის ნეპოტიზმზე  გულახდილი ისტორიებით  და ლანძღვით დასრულდა.

თავდაპირველად თამაზ მეჭიაური ერთი ხმით უგებდა მმართველი პარტიის კანდიდატს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა მას შემდეგ, რაც თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, #20 უბნის ბათილი ბიულეტენების კონვერტი გაეხსნა და  5 ბიულეტენი “ქართული ოცნების” კანდიდატითვის მიაკუთვნებინა, 4 ხმით წააგო მერობის არჩევნები. ამ პროცესს საეჭვოდ მიიჩნევენ სადამკვირვებლო ორგანიზაციები – საია მეჭიაურის ინტერესებს სასამართლოში იცავს, ხოლო სამართლიანი არჩევნები ამ უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.

თამაზ მეჭიაურმა არჩევნების გაყალბებაში ზაქარია ქუცნაშვილი დაადანაშაულა, რომელიც თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატია “ქართული ოცნებიდან”.

ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის გადაცემა “არჩევანში” მან ეს პარლამენტის წევრის ბიზნესინტერესებით ახსნა, რომლის დასტურადაც სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიებაც მოიყვანა.

დებატები ურთიერთშეურაცხყოფების ფონზე მიმდინარეობდა, საიდანაცცნობილი გახდა, რომ მეჭიაური და ქუცნაშვილი ერთმანეთის ნათესავები არიან და ორივემ ილაპარაკა, თუ როგორ დაეხმარნენ ერთმანეთს კარიერაში იმიტომ, რომ ნათესავები არიან.

თამაზ მეჭიაურზე

იგი 2012 წელს გახდა პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკის  „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ პარტიული სიით. მან “ქართული ოცნება” 2016 წლის მაისში, წინა მოწვევის პარლამენტის ვადის ამოწურვამდე დატოვა და მოგვიანებით თავისი პარტია შექმნა.

“ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ 2012 წელს თამაზ მეჭიაური ბიძინა ივანიშვილთან მან მიიყვანა იმიტომ, რომ ნათესავია:

“როცა ბატონი ბიძინა გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე, თამაზ მეჭიაური იყო ჭაბუა ამირეჯიბის შვილის პარტიაში, ეს იყო მისთვის მეექვსე პარტია. ათეულობით მოწმე დაადასტურებს, რამდენჯერ მთხოვა მან, რომ მიმეყვანა ის “ქართულ ოცნებაში”.
გელა ხვედელიძეს და მამუკა არეშიძეს ვთხოვე, რომ მიუხედავად მისი ექვსპარტიაგამონაცვალი წარსულისა, თავისი ასეთი მერყევი იმიჯისა, მიგვეღო და ჩაგვერთო პროცესებში. რატომ? თამაზ მეჭიაურის მამა და დედაჩემის დედა იყვნენ ალალი და-ძმანი. და ეს ნათესაური კავშირი, მე, როგორც მთიელს, მავალდებულებს ყველა მთიელზე ვიზრუნო”.

ამავე გადაცემაში ქუცნაშვილმა მეჭიაურს არაერთხელ დასდო ბრალი კორუმპირებულ წარსულში.

“უმუშევარი, გალოთებული იყო. სახლში იჯდა დღე და ღამე. მე ვალდებული ვარ, რომ ჩემს ნათესავებზე და ახლობლებზე ვიზრუნო. …

მისი კორუმპირებული წარსული არ იძლეოდა იმის საშუალებას,  რომ კანდიდატად დაგვეყენებინა. ამაზე განაწყენდა და შანტაჟი დაგვიწყო – . გვაშანტაჟებდა,  სიაში თუ არ ჩამწერთ,  ვიმუშავებ იქით, საითაც გამიხარდება. შემდეგ შედგა ბატონი ბიძინას ინიციატივით თათბირი, სადაც ბიძინამ ჰკითხა, რა გინდაო და ამან უთხრა დეპუტატობა და, შესაბამისად, ამ ვაჭრობის შედეგად მოხვდა ქართული ოცნების პარტიულ სიაში”.  

“დარმავოი [მუქთა] დეპუტატს ეძახდა თავის თავს, დარმავოი დეპუტატი გამხადეო”, – თქვა ქუცნაშვილმა.

ზაქარია ქუცნაშვილზე

“მაგან კი არ მიმიყვანა, მე მივიყვანე პარლამენტში, ოროთახიანი ხრუშოვკიდან წამოვიყვანე”, – განაცხადა ამავე გადაცემაში თამაზ მეჭიაურმა და მოყვა, როგორ “გაუკეთა იურისტის ადგილი” ქუცნაშვილს:

“1995 წელს, პირველად რომ გავხდი პარლამენტარი, ეგ [ქუცნაშვილი] მყავდა ქაღალდების დამტარებლად საოლქო კომისიაში. ოთხი კაცი მოგვცეს მაჟორიტარებს ფრაქციაში, იმიტომ შევედი,  რომ იმ ოთხი კაციდან,  აპარატს რომ ეკუთვნოდა, ერთ მაგისთვის იურისტის ადგილი გამეკეთებინა. გავუკეთე, დამითმეს ეგ და იმის შემდეგ დაიწყო და ერთ წელში გამყიდა უკვე იქ”.

მეჭიაურმა  გადაცემა “არჩევანში” ასევე განაცხადა, რომ თიანეთის მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრაზე ორჯერ უარი ბიძინაშვილის თხოვნის გამო თქვა, თუმცა დასძინა, რომ ეს თხოვნაზე მეტი იყო, “თხოვნასა და მოთხოვნას შორის”, და ივანიშვილთან ურთიერთობის გაფუჭებას ამჯობინა, თიანეთის მაჟორიტარობა ზაქარია ქუცნაშვილისთვის დაეთმო.

როგორც ქუცნაშვილმა, ასევე მეჭიაურმა პირდაპირ ეთერში ერთმანეთის მიმართ არაერთი შეურაცხმყოფელი ეპითეტი გამოიყენეს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი