ახალი ამბები

თამაზ მეჭიაურის საქმის განხილვა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს

24 ოქტომბერი, 2017 • 4952
თამაზ მეჭიაურის საქმის განხილვა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში თამაზ მეჭიაურის საქმის განხილვა დაძაბულ ვითარებაში დაიწყო. სასამართლოსთან მივიდნენ როგორც მეჭიაურის, ასევე მისი კონკურენტის ქართული ოცნებიდან, ლელა ქიტესაშვილის მხარდამჭერები. მათ შორის სიტყვიერ შელაპარაკებასაც ჰქონდა ადგილი.

მეჭიაურის ერთ-ერთი მხარდამჭერის თქმით, ლელა ქიტესაშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო ოცნების კანდიდატის ქმარი დაემუქრა:

“ის, რაც ამ ამრჩევნებზე თიანეთში მოხდა, ასეთი რამ თიანეთს არ ახსოვს. ჯერ ერთი, სპეცრაზმი ნაციონალებსაც კი არ შეუყვანიათ თიანეთში; მეორე ის, რომ საერთოდ მერობის კანდიდატი რომ ისეთი არაკორექტული იქნება, როგორც ლელა ქიტესაშვილია, რაღაზეა საუბარი. ერთადერთი გზა მაქვს ახლა, რომ ხმა მივაწვდინო ბიძინა ივანიშვილს. ლელა ქიტესაშვილმა მომაყენა შეურაცხყოფა – დაახვიეო, ქალი რომ ამას მეუბნება… ცალკე მისი ქმარი იმუქრება.”

თიანეთის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი თიანეთში ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ, პირიქით, თამაზ მეჭიაურის მხარდამჭერი ქალები აწყობენ პროვოკაციას და კადრულობენ ყველაფერს. როგორც ლელა ქიტესაშვილი აცხადებს, ისინი “ქალისთვის შეუფერებელი” მანერით გადმოხტნენ მანქანიდან და არ მისცეს შესაძლებლობა, პირველ არხთან ინტერვიუ ჩაეწერა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში თამა მეჭიაურის საქმის განხილვა დაძაბულ ვითარებაში დაიწყო. 24.10.2017. ფოტო: დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

მცხეთის რაიონული სასამართლო განიხილავს თამაზ მეჭიაურის სარჩელს, რომლითაც აპროტესტებს საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რამაც ქართული ოცნების სასარგებლოდ მიიჩნია 5 ბიულეტენი და ამით გამარჯვება ქართული ოცნების კანდიდატმა 4 ხმის უპირატესობით მიიღო. სისაური არის მეჭიაურის მხარის ერთ–ერთი მთავარი მოწმე. მეჭიაურის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.

დღესვე, საიას ოფისში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა და თამაზ მეჭიაურმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც თიანეთის საარჩევნო ოლქში შესაძლო დარღვევები გააცნეს მედიას. ანა ნაცვლიშვილის თქმით, თიანეთში კანონის დარღვევით 5 ბათილი ბიულეტენი მკვდრეთით აღადგინეს, რის ხარჯზეც სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი