მეჭიაური საიას მადლობას უხდის, თუმცა “ზოგიერთ საკითხზე თავის აზრზე რჩება”

თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ გარკვეულ საკითხებზე თავის აზრზე რჩება, თუმცა დანარჩენ ნაწილში პოზიცია გადააფასა და საიას მადლობას უხდის. ამის შესახებ მეჭიაურმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა.

თამაზ მეჭიაური თიანეთის მერობის კანდიდატია და მის ინტერესებს სასამართლოში სწორედ საია იცავს.

თამაზ მეჭიაური, ანა ნაცვლივილი და ირმა პავლიაშვილი საიას ოფისში. 24.10.2017. ფოტო: დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

რაც შეეხება საკითხებს, რაზეც ის ამბობს, რომ თავის აზრზე რჩება, მეჭიაურმა ერთნაირსქესიანთა ქორწინება და საგრეო პოლიტიკასთან დაკავშირებული თემები დაასახელა. კითხვას, რა შუაშია საია იმავე, მაგალითად, ნატოს თემებთან დაკავშირებით და ა.შ. ის ამბობს, რომ ეს ზოგადია პოზიციებია, რაზეც მას არასამთავრობო სექტორთან აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა და აქვს.

“ვიცი, რომ საზოგადოების ნაწილს გაუკვირდა, რატომ იცავს საია თამაზ მეჭიაურის ინტერესებს სასამართლოში. საია იცავს ამ ქვეყნის კანონმდებლობას და ხალხის ნებას, რომელმაც თავად უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება მისი მერი, ყოველგვარი მანიპულაციების და ჩარევების გარეშე. ამაშია კანონის უზენაესობის სირთულე – პატივი სცე და მოითხოვო მისი დაცვა განურჩევლად იმისა, შენს თანამოაზრეს და “შენიანს” ეხება ეს კონკრეტულ შემთხვევაში თუ – არა. მეჭიაური ხშირად გვაკრიტიკებდა, ალბათ, მომავალშიც გაგვაკრიტიკებს. ჩვენც არაერთხელ გაგვიკრიტიკებია მისი განცხადებები თუ საჯარო გამოსვლები, მაგრამ ეს არ გვაბრკოლებს, ვებრძოლოთ უსამართლობას, რომელიც მარტო მას კი არა, ძალიან ბევრ ადამიანს აზიანებს და, რაც მთავარია – აზიანებს სამართლიანი არჩევნების იდეას. ასეთები ვართ ჩვენ და ამიტომ მიყვარს”, – ეს სტატუსი ფეისბუკზე საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა განათავსა.

მცხეთის რაიონული სასამართლო განიხილავს თამაზ მეჭიაურის სარჩელს, რომლითაც აპროტესტებს საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რამაც ქართული ოცნების სასარგებლოდ მიიჩნია 5 ბიულეტენი და ამით გამარჯვება ქართული ოცნების კანდიდატმა 4 ხმის უპირატესობით მიიღო. სისაური არის მეჭიაურის მხარის ერთ–ერთი მთავარი მოწმე. მეჭიაურის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.

დღესვე, საიას ოფისში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა და თამაზ მეჭიაურმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც თიანეთის საარჩევნო ოლქში შესაძლო დარღვევები გააცნეს მედიას. ანა ნაცვლიშვილის თქმით, თიანეთში კანონის დარღვევით 5 ბათილი ბიულეტენი მკვდრეთით აღადგინეს, რის ხარჯზეც სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com