ახალი ამბები

დიდი რვიანის სამიტის მთავარი თემა სირიის კონფლიქტი იქნება

17 ივნისი, 2013 • 2228
დიდი რვიანის სამიტის მთავარი თემა სირიის კონფლიქტი იქნება

კვირას, 16 ივნისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კემერონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა, რომელიც სირიის მთავარ მოკავშირედ ითვლება. კემერონი და პუტინი პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ცალკე შეხვედრების გამართვას გეგმავენ.

 

ვლადიმერ პუტინი ობამას სავარაუდოდ ორშაბათს საღამოს შეხვდება.

 

დავიდ კემერონის განცხადებით, დასამალი არაა, რომ ობამასა და პუტინს შორის არსებობს გაუგებრობა სირიასთან დაკავშირებით, თუმცა ორივე მხარეს საერთო მიზანი აქვს, ეს მიზანი კონფლიქტის დასრულებაა.

 

დევიდ კემერონის განცხადებით, დიდი რვიანის ქვეყნების სამიტზე საუბარი იქნება გლობალურ ეკონომიკურ საკითხებზეც.

 

სამიტის დაწყებამდე ბარაკ ობამა და დევიდ კემერონი იტალიის პრემიერ–მინისტრს ენრიკო ლეტას, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს და საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს შეხვდებიან, საუბარი ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გარიგებას შეეხება.

 

სამშაბათს შეხვედრის მონაწილეები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების განხილვას გეგმავენ.

 

დიდი რვიანის 39–ე სამიტი ორშაბათს და სამშაბათს გაიმართება, სამიტს დაესწრებიან კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი. სამიტს 8 000–მდე პოლიციელი დაიცავს, რადგან დიდი რვიანის ქვეყნების შეხვედრის წინააღმდეგ აქცია იგეგმება, რომელშიც მონაწილეობის მიღებას 2 000–ზე მეტი დემონსტრანტი გეგმავს.

 

სამიტის გამართვამდე ბრიტანულმა Guardian–მა გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვითაც 2009 წელს გამართულ დიდი ოცეულის სამიტზე მონაწილეების კომპიუტერებისა და სატელეფონო ზარების მოსმენა ხორციელდებოდა. Guardian–ის ინფორმაციით, ბრიტანეთის სამიტის მიმდინარეობისას ზოგიერთი დელეგატი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ კონტროლირებად ინტერნეტკაფეებს იყენებდა, რის შედეგადაც ელექტრონული ფოსტით მათ პირადი მიმოწერას თვალ–ყურს ადევნებდნენ.

დიდი რვიანი
დიდი რვიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი