ახალი ამბები

როცა საპრეზიდენტო კანდიდატი მინისტრია – საკანონმდებლო ხარვეზი

17 ივნისი, 2013 • • 1786
როცა საპრეზიდენტო კანდიდატი მინისტრია – საკანონმდებლო ხარვეზი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ამომრჩევლის მოსყიდვა ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით. ამომრჩევლის მოსყიდვაში იგულისხმება – “საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება”.

 

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტის ლელა ტალიურის განცხადებით, ცალსახად შეუძლებელია იმის თქმა, რომ მარგველაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ამომრჩევლის მოსყიდვაა. ტალიურის განმარტებით, საარჩევნო კოდექსში შეზღუდვები მარგველაშვილის თანამდებობრივ შეუთავსებლობასთან დაკავშირებით არ არსებობს. საარჩევნო კოდექსით, მას შეუძლია იყოს მინისტრი პრეზიდენტობის კანდიდატობის პარალელურად. 

 

“თუ, მაგალითად, პარლამენტის წევრობის კანდიდატებისათვის, როდესაც ისინი კანდიდატად დასახელდებიან, არის გარკვეული შეუთავსებლობის მომენტები და ისინი თანამდებობიდან უნდა გადადგნენ, პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით ასეთი შეზღუდვები არ არის. ასევე, ორი რამ უნდა იკვეთებოდეს – გაცხადებული მიზნები და ფულის ხარჯვა ამ მიზნებისათვის. ფულის ხარჯვა მისი პერსონიდან უნდა მოდიოდეს და არა – როგორც მინისტრის საქმიანობიდან,” – აცხადებს ტალიური.  

 

საქართვეელოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ თანამდებობის პირები. იგივე მოთხოვნა არ ვრცელდება პრეზიდენტობის კანდიდატებზე.

 

“საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამ საკანონმდებლო ხარვეზზე ამახვილებს ყურადღებას, რომლითაც პრეზიდენტობის კანდიდატს აქვს უფლება პარალელურად მინისტრის თანამდებობა ეკავოს. გიგაურის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილს, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, შეუძლია შეცვალოს დაგეგმილი ბიუჯეტი და მათ შორის გაზარდოს პედაგოგების ანაზღაურება.

 

“მან მინისტრის ფუნქცია ხომ უნდა შეასრულოს?! – მინისტრს აქვს უფლება დაგეგმილი ბიუჯეტი შეცვალოს, თუკი ამის თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში არის. მას აქვს უფლება პრეზიდენტობის კანდიდატობასთან ერთად იყოს მინისტრი”.

 

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ კანონმდებლობა საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით დასახვეწია.  სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”, “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ” და “სამართლიანმა არჩევნებმა” – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიმუშავეს ფორმულირება, რაც პარლამენტთან ინტერფრაქციული ჯგუფის შეხვედრებზე განიხილეს:

 

“ეს საკითხი, როგორც პარტიებმა, ასევე, ჩვენ წამოვწიეთ, მოვიფიქრეთ ფორმულირება, შევთავაზეთ პარლამენტს, რასაც უახლოეს მომავალში გადავაგზავნით. ჩვენი შეთავაზება გარკვეულწილად ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებულ პირს, ეს რა თქმა უნდა მოქმედ პრეზიდენტს არ ეხება, წინასაარჩევნო  კამპანიის გამოცხადებისთანავე შეუჩერდეს უფლებამოსილება თუ ის სხვა თანამდებობას იკავებს და კანდიდატად დარეგისტრირების შემთხვევაში შეუწყდეს. წინასაარჩევნო კამპანია იწყება მას მერე, რაც არჩევნების დღე გამოცხადდება,”– აცხადებს ლელა ტალიური. 

 

საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა გაიმართოს, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. ასევე, ამ დროისთვის არ არის დასახელებული ყოფილი მმართველი გუნდის და ამჟამინდელი საპარლამენტო ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი