ახალი ამბები

“გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს” – შსს შილდაში დაღუპული ქალის საქმეზე

24 ოქტომბერი, 2017 • 1568
“გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს” – შსს შილდაში დაღუპული ქალის საქმეზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შილდაში გარდაცვლილ 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილის საქმეზე გამოძიება კვლავ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით (სსკ-ის 115-ე) მიმდინარეობს.

ახალგაზრდა ქალის ქმარი ამბობს, რომ ქალის ცხედარს არაერთი დაზიანება აღენიშნებოდა და იგი მინიმუმ სამმა ადამიანმა, მათ შორის, თავისმა ძმამ აწამა, მოკლა და თვითმკვლელობის ინსცენირება გაითამაშა.

ასევე, მეზობლები ამბობენ, რომ სოფელში ყველასთვის ცნობილი იყო ის, რომ ამ ოჯახში ქალზე ძალადობდნენ და პოლიციაც არაერთხელ იყო ნამყოფი.

“გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს” – აცხადებენ შსს-ში ნეტგზეთის კთხვაზე, თუ რატომ მიმდინარეობს კვლავ გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით.  მათივე ცნობით, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია ექსპერტიზები.

შსს-ში ასევე ვიკითხეთ, სწავლობს თუ არა გენინსპექცია იმ პოლიციელების სამსახურებრივი გულგრილობის საკითხს, ვინც ოჯახში ძალადობის საკითხზე არაერთხელ იყო ოჯახში ნამყოფი. შსს-ში განაცხადეს, რომ თუ ოჯახის წევრს ან ვინმე სხვას ამასთან დაკავშირებით პრეტენზია აქვს, გენერალურ ინსპექციას უნდა მიმართოს.

“გენერალური ინსპქეცია მსგავს თემას არ სწავლობს იმიტომ, რომ არ არის შესული საჩივარი ამასთან დაკავშირებით,”- განაცხადეს შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი