ახალი ამბები

მეჭიაური ამბობს, რომ საოლქო კომისია მის მიერ მოგებულ არჩევნებში კონკურენტს ამარჯვებინებს

22 ოქტომბერი, 2017 • 4849
მეჭიაური ამბობს, რომ საოლქო კომისია მის მიერ მოგებულ არჩევნებში კონკურენტს ამარჯვებინებს

თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ მის ხელთ არსებული 20 საუბნო კომისიის ოქმებით მან ქართული ოცნების კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი 1 ხმით დაამარცხა, თუმცა საოლქო კომისიამ ბათილი ბიულეტენები მის კონკურენტს დაუმატა და ამტკიცებს, რომ ქიტესაშვილმა მოიგო 4 ხმით.

როგორც მეჭიაურმა ნეტგაზეთს განუცხადა, მან არჩევნები უფრო მეტი ხმით მოიგო, თუმცა იმ ოქმებით, რომლის დაცვაც მოახერხა, 1 ხმით იგებს. საოლქო კომისიის თავმჯდომარეს კი საპირისპირო შედეგის დადება სურს.

“ყოველ წუთს რაღაცას თვლიან. რეალურად ერთი ხმით ვიგებთ. შემდეგ შეცვალეს საოლქო კომისიაში. მთელი ამბავია აწეული. ძალიან ღიად ჩანს ეს ყველაფერი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უარს ეუბნებიან ოქმზე ხელის მოწერაზე და არ გამოვრიცხავ, რომ უკან დაიხიონ”, – უთხრა ნეტგაზეთს მეჭიაურმა.

მისივე თქმით, საოლქო კომისიაში მორიგი სხდომა 14:00 საათზე გაიმართება.

ცესკოში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ, თუმცა ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე ამჟამად გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებითაც არჩევნებს სწორედ მეჭიაური იგებს 7 ხმით.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, თიანეთში დათვლილია ოცივე საარჩევნო უბნის შედეგები და მეჭიაურს 3077 ხმა აქვს მიღებული, ხოლო ქიტესასშვილს- 3070.

თუ საბოლოოდ მეჭიაური გამარჯვებას მოახერხებს, ეს ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი შემთხვევა იქნება, როცა მერის არჩევნებში ოცნება პირველივე ტურში დამარცხდა.

თიანეთში მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობდა მერის არჩევნებში.

თავდაპირველად თამაზ მეჭიაური “ქართული ოცნების” წევრი და ამ პარტიის რიგებში პარლამენტის დეპუტატიც იყო, თუმცა შემდეგ მისი და მმართველი პარტიის გზები გაიყო და მეჭიაურმა თავისი პარტიაა დააფუძნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი