ახალი ამბები

დაპირისპირება უბნებში პარტიული წარმომადგენლების საშუალებით ამომრჩევლების შესაძლო კონტროლის გამო

21 ოქტომბერი, 2017 • 1241
დაპირისპირება უბნებში პარტიული წარმომადგენლების საშუალებით ამომრჩევლების შესაძლო კონტროლის გამო

ხმაური იყო ისნის მე-5 ოლქის მე-19 საარჩევნო უბანზე. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აპროტესტებდა “მემარცხენე ალიანსის” წარმომადგენლის დგომას რეგისტრატორის უკან, ვინაიდან ის ამ ფორმით იწერდა ამომრჩევლის მონაცემებს სიიდან. საუბნო კომისიის თავმჯდომარემ ლელა ვაშაძემ განაცხადა, რომ ეს დარღვევა არ იყო.

საბურთალოს მესამე ოლქის მე-12 უბნის კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე ორი საჩივარია დაწერილი “საერთაშორისო გამჭვირვალობისა” და “საქართველოს პარლამენტართა ასოციაციის მიერ. კომისიის ცნობით, ორივე მათგანი “მემარცხენე ალიანსის” წარმომადგენლის გამო დაიწერა.

საჩივრების რაოდენობასთან დაკავშირებით განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის “საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების” დამკვირვებლელი ნინო დარბაიძე, რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ მან ორი საჩივარი დაწერა: ერთი “მემარცხენე ალიანსის”, მეორე კი “ქართული ოცნების” წარმომადგენლის მიმართ. მისი თქმით, პარტიათა წარმომადგენლები ამომრჩეველთა სიებიდან მათი საარჩევნო ნომრების ამოწერას ცდილობდნენ და რეგისტრატორებს მუშაობაში ხელს უშლიდნენ. მისივე განცხადებით, ხელშეშლის გამო რეგისტრატორებს რამდენიმე ბიულეტენი ერთმანეთისგან განცალკევების პროცესში დაუზიანდათ.

“პარტიების წარმომადგენლების ნაწილი, რომლებიც დგანან რეგისტრატორების უკან, უშლიან მათ ხელს და არიან ძალიან აგრესიულები. ამასთან დაკავშირებით დავწერე საჩივარი. მსგავს ქმედებას ჰქონდა ადგილი “ქართული ოცნების” წარმომადგენლის მხრიდანაც”, – უთხრა დარბაიძემ “ნეტგაზეთს”.

საუბნო კომისიის თავმჯდომარის, ცისანა ხუსკივაძის განმარტებით, “მემარცხენე ალიანსის” წარმომადგენელს გაფრთხილება მისცეს და მისი ქმედება აღმოფხვრეს, “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა კი ამომრჩეველთა აღრიცხვა თავადვე შეწყვიტა.

ზემოაღნიშნული პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩეველთა მონაცემების აღრიცხვის მცდელობაზე დღეს “საერთაშორისო გამჭვირვალობის” დირექტორმა, ეკა გიგაურმაც ისაუბრა. ასევე, საიას თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა. მათი თქმით, ცესკოს განმატება, რომ ამომრჩეველთა ნომრების აღრიცხვა კანონდარღვევა არ არის, არასწორია, რადგან შეუძლებელია იმის გაკონტროლება, თუ რა ინფორმაციას ამოიღებს კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი ამომრჩეველთა სიიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი