რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია უნდა დაიწყოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013 წლის 28 ივნისს, 10:00 საათიდან. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადად 2013 წლის 12 ივლისი განისაზღვრა, ხოლო აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატთა შემოსული განცხადებების განხილვისა და კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატურის არჩევა 16 აგვისტოს მოხდება.
იმავე დადგენილების მიხედვით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა არჩევნების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით ბრძანებით უნდა განსაზღვროს შესაბამისი საარჩევნო კომისია.
შეგახსენებთ, რომ თსუ–ს რექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ალექსანდრე კვიტაშვილი დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. მისი თქმით, რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ახალი რექტორის არჩევამდე დარჩება:
“მე მივიღე ეს გადაწყვეტილება ერთადერთი ფაქტის გამო, მე ძალიან არ მომწონს ეს დინამიკა, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული იყო არაერთხელ, რომ დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა შენარჩუნებული იქნებოდა, პრაქტიკული ქმედება არის ამის წინააღმდეგი. მე არ მინდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტსტში, ჯავახიშვილის სახელობის, ამ იდეალების უნივერსიტეტში, დაბრუნდეს ის დრო, როცა ინიშნება რექტორი ან რექტორის მოვალეობის შემსრულებელი სახელისუფლებო სტრუქტურების მიერ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ეს ვინ არის – პრემიერ–მინისტრი, პრეზიდენტი თუ პარლამენტის თავმჯდომარე, ეს არ არის სწორი.
სანამ ეს კანონი იქნება მიღებული და, როგორც ჩანს, ისეთი სისწრაფით მიდის პროცესი, რომ ეს კანონი ძალიან მალე იქნება მიღებული, მე მინდოდა, რომ უნივერისტეტის აკადემიურ საბჭოს, რომელიც არის კოლეგიალური, წარმომადგენლობითი, უმაღლესი ორგანო უნივერსიტეტში, ჰქონოდა საშუალება ამ გადაწყვეტილების მიღების და აერჩია ახალი რექტორი. ამიტომ ჩემს გადადგომას პარალელურად მოჰყვა ახალი, რექტორის არჩევნების გამოცხადება, სადაც ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება გათვალისწინებული, რომ რექტორს უნდა ჰქონდეს დოქტორის ხარისხი, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება შემდეგი რექტორი, მიიღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო არჩეული უნივერსიტეტის მიერ”, – განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა. მისივე განმარტებით, საბჭო რექტორობის კანდიდატების განაცხადებს ორი თვის განმავლობაში მიიღებს, ხოლო აგვისტოს შუა რიცხვებისთვის უნივერსიტეტს ახალი რექტორი ეყოლება.
უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით, “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს.”
“კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო ერთეულის იმ მმართველ სუბიექტებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ შესაბამისი თანამდებობების დაკავებისათვის ამ კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უფლებამოსილება უწყდებათ”.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო “რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას”.
ალექსანდრე კვიტაშვილს დოქტორის ხარისხი არ გააჩნია, რის გამოც მან დღეს, 12 ივნისს, საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა