ახალი ამბები

უნდა ჰქონდეს თუ არა ასისტენტ–პროფესორს დოქტორის ხარისხი?

12 ივნისი, 2013 •
უნდა ჰქონდეს თუ არა ასისტენტ–პროფესორს დოქტორის ხარისხი?

ცვლილებების თანახმად, ასისტენტ–პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩიონ მხოლოდ დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, ხოლო დოქტორანტები, რომლებსაც ჯერ ხარისხი მინიჭებული არ აქვთ, ასისტენტ–პროფესორებად ვერ იმუშავებენ.

 

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი აცხადებს, განვითარებული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში სწორედ ეს პრაქტიკაა დამკვიდრებული:

 

“ეს ადრეც ასე იყო, შემდეგ გააუქმეს ნორმა იმიტომ, რომ კონკრეტული პირი დაენიშნათ, მაგალითად, პრეზიდენტის ახლანდელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბატონი ანდრო ბარნოვი, რომელიც იყო იმ ფაკულტეტის დოქტორანტი, რომლის დეკანიც იყო, ეს იყო, ჩემი აზრით, არანორმალური. დოქტორანტი არის სტუდენტი, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი სწავლობს და უნდა დაიცვას ხარისხი”, – აცხადებს დავით ზურაბიშვილი.

 

მისივე თქმით, ეს ნორმა არ შეეხება სახელოვნებო უმაღლეს დაწესებულებებს, ხოლო სხვა  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეძლებათ გამონაკლისის დაშვება:

“პროფესორის წოდება ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მიენიჭოს, თუ ამას უნივერსიტეტი საჭიროდ ჩათვლის. თუ უნივერსიტეტი ჩათვლის, რომ ეს რაღაც განსაკუთრებული შემთხვევაა და ამა და ამ პიროვნებას მართალია არ აქვს დოქტორის ხარისხი, მაგრამ კვალიფიციურია და საჭიროა, შეუძლია მიანიჭოს პროფესორის წოდება და დაიკავოს შემდეგ მან აკადემიური თანამდებობა”, – აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თათა ცოფურაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება, ერთი შეხედვით, შეიძლება პოზიტიურად მოგვეჩვენოს, თუმცა სინამდვილეში უნივერსიტეტისთვის შესაძლოა დიდ პრობლემად იქცეს:

“ასისტენტ–პროფესორები არიან ადამიანები, რომლებიც სემესტრში კითხულობენ სამ–ოთხ სხვადასხვა კურსს, ანუ მათზე საკმაოდ დიდი დატვირთვა მოდის, ამიტომაც აქვთ მათ ასისტენტ–პროფესორის თანამდებობა. ეს თანამდებობა გულისხმობს მეტ ანაზღაურებას, მათი დატვირთვის ადეკვატურ ანაზღაურებას, ვიდრე ეს იქნებოდა მოწვეული პროფესორის შემთხვევაში, რომელსაც ყველაზე დიდი 25 ლარი შეიძლება გადაუხადოს უნივერსიტეტმა საათობრივი ანაზღაურების სახით. იმ შრომას, რასაც ასისტენტ–პროფესორები ეწევიან რეალურად, ასეთ მიზერულ თანხად ისინი არ გააკეთებენ. ამიტომ ეს ცვლილება გამოიწვევს იმას, რომ ეს ადამიანები აღარ წაიკითხავენ ამ კურსებს, შესაბამისად, ძალიან ბევრი კურსი გახდება ამოსაღები და ეს ძალიან ცუდად აისახება უნივერსიტეტის პროგრამულ ჩამონათვალზე, შესაბამისად, სტუდენტების კურიკულუმზე”, – აცხადებს თათა ცოფურაშვილი. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება უნივერსიტეტიდან მოტივირებული ახალგაზრდა სტუდენტების გადინებასაც გამოიწვევს.

“ილიაუნის ბიზნესრევიუს” მკვლევარი გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ ეს ცვლილება ყველაზე მეტად ისეთ ფაკულტეტებზე აისახება, როგორიცაა ბიზნესი და ეკონომიკა:

“ ჩნდება ერთი მარტივი კითხვა, ისეთ მიმართულებაში, როგორიც არის ბიზნესი, რამდენად შესაძლებელია ახალგაზრდა კადრებს მოესწროთ საქართველოში ყველა იმ ეტაპის გავლა, რომელიც მათ დოქტორობამდე მისვლას სჭირდება? ბიზნესის მეცნიერება საქართველოში ძალიან ახალია. საკითხი ახლა დგას ასე, რომ ვინმე, თუ ის არის რომელიმე ქართული, კერძო, პატარა უნივერისტეტის დოქტორი, არის უფრო უპირატესი, ვიდრე, მაგალითად, ჰარვარდის ბიზნეს -სკოლის მაგისტრი, რაც, ჩემი აზრით, არასწორია”, – აცხადებს გიორგი აბაშიშვილი. მისი თქმით, მოწვეულ ლექტორებს უნივერსიტეტში სტაბილურობის განცდა არ აქვთ და კონტრაქტიდან კონტრაქტამდე მუშაობენ, ხოლო ასისტენტ–პროფესორს სხვა უამრავი ფუნქცია აკისრიათ, რაც არ შეიძლება დაეკისროს მოწვეულ ლექტორს.

 

რაც შეეხება უნივერსიტეტის მხრიდან გამონაკლისის წესით პროფესორის სტატუსის მინიჭებას, თათა ცოფურაშვილის თქმით, ასეთი საკითხები პირადი კეთილგანწყობის საფუძველზე არ უნდა წყდებოდეს:

 

“გამონაკლისი გამოდის, რომ საკითხი დადის ინდივიდუალურ კეთილგანწყობაზე და სიმპათიაზე და ადამიანები დაიწყებენ მავანთა კეთილგანწყობის მოპოვება. თუკი კანონი ამ გამონაკლისის გაკეთების საშუალებას დაუშვებს, ამან შეიძლება მიიღოს ტიპური ნაცნობურ–კლანური ეფექტი” , – აცხადებს თათა ცოფურაშვილი.

 

გიორგი აბაშიშვილს კი გამონაკლისის დაშვების წესი მისაღებად მიაჩნია:

 

“ეს იყო წინა კანონშიც, ეს არის ახლაც, ძალიან კარგია, რომ ეს მუხლი არ ამოიღეს, მაგრამ რატომ შეიძლება მარტო გამონაკლისის იმედზე იყო? თუ გამონაკლისით არაფერი არ შავდება, მაშინ რატომ შეიძლება გახდეს ძირითადი შემთხვევა პრობლემა? ეს არის მომენტები, რომელსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციონ”, – აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

 

კანონპროექტს სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები დღეს, 12 ინვისს, ვაკის პარკში მდებარე მედიათეკაში განიხილავენ. ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრის შედეგად ჩამოყალიბებულ პოზიციას ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაწვდიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი