ახალი ამბები

კალაძე: მოხდება მერიის ზედამხედველობის, ტრანსპორტისა და ეკოლოგიის სამსახურების ოპტიმიზაცია

18 ოქტომბერი, 2017 • 2637
კალაძე: მოხდება მერიის ზედამხედველობის, ტრანსპორტისა და ეკოლოგიის სამსახურების ოპტიმიზაცია

კახა კალაძის განცხადებით, მისი თბილისის მერობის შემთხვევაში, მოხდება არქიტექტურის სამსახურის რებრენდინგი, ხოლო ურბანული პოლიტიკის გასატარებლად ახალი სამსახური შეიქმნება. როგორც დედაქალაქის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი ამბობს, ასევე, უზრუნველყოფს ზედამხედველობის, ეკოლოგიისა და ტრანსპორტის სამსახურის ოპტიმიზაციას. ამის შესახებ მან თბილისის მართვის პოლიტიკის წარდგენისას ისაუბრა.

“ჩვენს პირობებში უზრუნველყოფილი იქნება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით საკადრო პოლიტიკის გატარება. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე. მზად ვართ ყველა იმ ადამიანთან თანამშრომლობისთვის, ვისაც გული შესტკივა ქალაქის განვითარებაზე და წინსვლაზე,” – ამბობს კალაძე.

მისი თქმით, არჩევის შემთხვევაში, თბილისის მერიაში ახალი ტექნოლოგიები დაინერგება, რაც მერიის მომსახურებას მაქსიმალურად გაამარტივებს და ხელმისაწვდომს გახდის ყველა ადამიანისათვის. ტექნოლოგიების დანერგვით, კახა კალაძის თქმით, მერია შეამცირებს გადაწყვეტილებების მიღებისა და მოქალაქეების განცხადებებზე პასუხის გაცემის დროს:

“დავგეგმავთ აუცილებლად ერთი ფანჯრის პრინციპის მომსახურების სფეროს. მერიაში დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მოქალაქეებს ჰქონდათ 24-საათიანი წვდომა მერიის სერვისებზე;  სახლიდან გაუსვლელად მიიღონ მერიის ნებისმიერი მომსახურება. ამით ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ დაზოგონ დრო, დაზოგონ თანხები, არ დასჭირდებათ მოსვლა და კონკრეტული საბუთების ჩაბარება, მერე ისევ სახლში დაბრუნება, რაც გვართმევს დროს და გარკვეულ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული.”

არჩევის შემთხვევაში, თბილისის ეფექტიანი მართვისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით კახა კალაძე ინოვაციური ელექტრონული პროგრამების დანერგვას გეგმავს: “ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მერია არ იყოს ბიუროკრატიული მმართველი ორგანო, პირიქით, ის უნდა იყოს თანამედროვე და ინოვაციური.”

კალაძის გუნდის წევრის, ლაშა კვანტალიანის თქმით, შეიქმნება მერიის ცენტრალიზებული პლატფორმა, თბილისის ინტერაქტიული რუკა, მოძრაობის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ცენტრალიზებული ელექტრონული სისტემა და საზოგადოების ჩართულობის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც თავის მხრივ რამდენიმე კომპონენტისგან შედგება.

“მერიის ცენტრალიზებული პლატფორმა იქნება მერიის ციფრული ანალოგი, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე, მიიღონ ყველა სერვისი, რომელიც დღეისთვის გააჩნია თბილისის მერიას. ეს, ბუნებრივია, დაზოგავს მათ დროს, მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს არ იქნება მხოლოდ განაცხადების მიღების სისტემა, ამ სისტემის უკან იმუშავებს ასევე დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა, რაც თავის მხრივ შეამცირებს იმ საოპერაციო დროს, რომელიც დღეს სჭირდება შემოსული განცხადების დამუშავებას,” – აღნიშნა ლაშა კვანტალიანმა.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც კახა კალაძის გუნდის წევრმა წარმოადგინა, არის თბილისის ინტერაქტიული რუკა, რომელიც მრავალფუნქციური იქნება და მისით სარგებლობა შეეძლებათ როგორც თბილისის მოქალაქეებს, ისე ტურისტებს:

“ეს, ერთი მხრივ, გულისხმობს ყველა იმ პროცედურის მიბმას ამ რუკაზე, რომელიც დღეს არსებობს თბილისის მერიაში – ეს იქნება მიწის სტატუსების შემოწმება თუ სხვა რამ. გარდა ამისა, ამ რუკაზე დატანილი იქნება თბილისის ყველა მნიშვნელოვანი ადგილი: ქალაქის ღირსშესანიშნაობანი, ტურისტული მარშრუტები, გასართობი ცენტრები, მაღაზიები და ა.შ. ეს ინფორმაცია იქნება ღია და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის. რაც ჩვენი რწმენით წარმოშობს ახალ იდეებს და ახალ სტარტაპებს.”

ლაშა კვანტალიანის თქმით, შეიქმნება მოძრაობის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებითაც მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და განსაზღვრავს საცობების შექმნის მიზეზებს.  თბილისის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ეს პროგრამა სრულ სურათს შექმნის და გააიოლებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.

თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატის თქმით, დღესაც აქვთ ასეთი მონაცემები პრობლემური ადგილების შესახებ, ხოლო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს მომდევნო 4 წლის განმავლობაში, მისცემს შესაძლებლობას, ამ ადგილებში პრობლემები მოიხსნას:

“თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ კონკრეტული პროექტების განხორციელებით მოვაგვარებთ საცობების პრობლემას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის განხორციელება, რომ მიდგომა კომპლექსური იყოს. ამ პროექტების განხორციელებას ძალიან დიდი თანხები დასჭირდება, მაგრამ სრული სურათი გვექნება და მომდევნო წლების განმავლობაში შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება ელექტრონულად და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს.”

ლაშა კვანტალიანმა ასევე წარმოადგინა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ცენტრალიზებული ელექტრონული სისტემა, რომლის დახმარებითაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სრული ინფორმაცია რეალურ დროში მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებისა და მარშრუტების შესახებ.

კახა კალაძის გუნდის წევრმა უპრეცედენტო უწოდა, კიდევ ერთ ახალ ელექტრონულ პლატფორმას, რომლის საშუალებითაც თბილისის ნებისმიერ მცხოვრებს ექნება შესაძლებლობა, თბილისის მერიას შეატყობინოს საკუთარი უბნის პრიორიტეტული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია და ხმა მისცენ ამა თუ იმ აქტუალური პრობლემის გადაჭრის გზებს. კალაძის გუნდის წევრის თქმით, ეს პლატფორმა გაითვალისწინებს ბიუჯეტის გამჭირვალობის კომპონენტს.

“ყველა დაგეგმილი პროექტის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ონლაინში. ხშირად არის პროტესტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ კეთდება ესა თუ ის პროექტი დროულად. სინამდვილეში იმავე უბანში უამრავი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი. ეს, ერთი მხრივ, იქნება დამატებითი კონტროლი თბილისის მერიისთვის, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ჩართული იქნებიან ამ პროექტების განხორციელებაში და ჩვენ, თბილისში მცხოვრებ მოსახლეობას გვექნება იმის საშუალება, რომ გავიგოთ, რა კეთდება, სად კეთდება და როგორ კეთდება,” – განაცხადა ლაშა კვანტალიანმა.

მისივე თქმით, ასევე შეიქმნება პრობლემების შეტყობინების სისტემა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ქუჩაში არსებული პრობლემების მობილურის საშუალებით დაფიქსირება, მისი ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა და მერიის შესაბამის სამსახურში შეტყობინების გაგზავნა. კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც თბილისის მერობის შემდეგ გეგმავს კახა კალაძე, არის ახალი ვებპლატფორმა „ჩემი იდეა ქალაქის მერს“.

“ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია, ვისაც გული შესტკივა ჩვენი დედაქალაქის განვითარებაზე და წინსვლაზე, გექნებათ შესაძლებლობა, მოგვაწოდოთ თქვენი იდეები და ჩვენ ამას განვიხილავთ,” – განაცხადა კახა კალაძემ.

ინოვაციური პროექტები დღეს თბილისის მართვის პრეზენტაციის ფარგლებში წარმოადგინეს. ღონისძიებას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, საკრებულოს წევრობის კანდიდატები და მინისტრები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის მერობისთვის სულ 13 კანდიდატია დარეგისტრირებული, მათ შორის: კახა კალაძე (ქართული ოცნება), ზაალ უდუმაშვილი (ენმ), ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო), ალეკო ელისაშვილი (დამოუკიდებელი), ირმა ინაშვილი (პატრიოტთა ალიანსი), კახა კუკავა (ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა), თენგიზ შერგელაშვილი (შენების მოძრაობა – დავით უსუფაშვილი), გიორგი ვაშაძე (ერთობა – ახალი საქართველო) და გიორგი გუგავა (ლეიბორისტული პარტია).

მასალების გადაბეჭდვის წესი