ახალი ამბები

უშიშროების საბჭოს სხდომა დაიწყო

11 ივნისი, 2013 •
უშიშროების საბჭოს სხდომა დაიწყო

შეხვედრის დაწყებამდე ბაქრაძემ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

 

 “დღეს არსებობს ერთი კონკრეტული საკითხი, რაც აღელვებს ჩვენს მოსახლეობას. არსებობს რაღაც პოლიტიკური ძალა ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ემუქრება ჩვენ მოსახლეობას, ჩვენს ქვეყანას და შეიარაღებულ ძალებს ტერაქტებით, აფეთქებებით და მკვლელობებით. ეს გახლავთ ის თემა, რომელზეც ყველამ სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ. სახელმწიფო მოხელეები უნდა დავსხდეთ, გავაანალიზოთ და ერთად მოვიფიქროთ ზომები, როგორ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების და ჯარისკაცების უსაფრთხოება”, – განაცხადა ბაქრაძემ.

საგარეო საქმეთა მინსიტრი მაია ფანჯიკიძე აპირებს სხდომაზე, დასანიშნი ელჩების საკითხი დააყენოს. მისი თქმით, ბულგარეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთში ახალი ელჩების დანიშვნის გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე ხელს არ აწერს და აპირებს სააკაშვილს ამის შესახებ კითხვა დაუსვას.

დავით ბაქრაძის თქმით კი, საბჭოს სხდომაზე ნებისმიერი სხვა თემის წამოწევა მიუღებელია:

“რა კავშირშია ტერაქტებთან ელჩების დანიშვნა? მოდით, ერთად დავსხდეთ, ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ქვეყნისთვის არის აქტუალური და დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ჯარისკაცებს საფრთხე არ ემუქრებათ. ამის შემდეგ ვისაუბროთ ნებისმიერ სხვა თემაზე, ელჩებზე, ბუღალტრებზე და მარკშეიდერებზე, მაგრამ შეხვედრის თემა უნდა იყოს ის, როგორ დავიცვათ ნებისმიერი მოსალოდნელი პროვოკაციისგან ჩვენი ჯარისკაცები და მოქალაქეები”.

უშიშროების საბჭოს დღის წესრიგი ორი საკითხისგან შედგება. პირველი საკითხი სოციალურ ქსელებში თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეომასალაა, ხოლო მეორე აისაფის ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცების საკითხს შეეხება.

სხდომას ესწრებიან გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, ანდრო ბარნოვი, თამარ კინწურაშვილი, ირაკლი ალასანია, მაია ფანჯიკიძე, გია ბარამიძე, გელა ბეჟუაშვილი, ირაკლი ძნელაძე, ვახტანგ კაპანაძე, ლევან დუჩიძე.

უშიშროების საბჭოს სხდომას არ ესწრება პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი:

“აისაფის და კლიპი რომ დაიდო, ის საკითხები განიხილება, ჩემთვის, მგონი, არცერთი საკითხი არ არის საინტერესო ამ ეტაპზე, რომ ამ შეკრებაზე წავიდე”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი