ახალი ამბები

მიდის თუ რჩება ბათუმის მერი?

11 ივნისი, 2013 •
მიდის თუ რჩება ბათუმის მერი?

თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს წვრთა უმრავლესობის თანხმობით უნდა მიიღოს, ამისთვის კი მას ბათუმის 23- წევრიან საკრებულოში მინიმუმ 12 წევრის თანხმობა დასჭირდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ჯემალ ანანიძის გადაყენებას უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს, ის თანამდებობაზე დარჩება დაახალ უმრავლეობასთან დამატებით ვალდებულებებების აღებისგარდა, მენეჯმენტის გადახალისებაზეც იზრუნებს

 

„მე მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საკრებულო, მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებთ,“ – უთხრა ჟურნალისტებს ბათუმის საკრებულოს თავმჯმდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა, რომლისთვისაც განცხადება მერის წასვლის თაობაზე სიურპრიზი იყო: „დავურეკე და ვუთხარი, ეს რა სიურპროზი მომიწყვე- მეთქი“.

 

დააკმაყოფილებს თუ არა ბათუმის საკრებულო ქალაქის მერის ჯემალ ანანიძის განცხადებას გადადგომის თაობაზე, ეს 13 ივნისს, ხუთშაბათს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გამოჩნდება.

 

იმ შემთხვევაში კი, თუ საკრებულო ჯემალ ანანიძეს თანამდებობაზე დატოვებს, მას ექნება „ვადებულებები ახალი უმრავლესობის მიმართ“ – ამის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ მოქმედმა მერმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა: 

 

„თუ საკრებულო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ უნდა დავრჩე და შეიძლება ასეც იყოს, ასეთ შემთხვევაში მე მექნება უკვე ახალი ვალდებულება ახალ უმრავლესობასთან. ამ შემთხვევაში გარკვეულწილად მენეჯმენტი უნდა გადახალისდეს, რომ მერია იყოს აღმასრულებელი ორგანო.“

 

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის საკრებულოში ჯემალ ანანიძის გადაყენება-არგადაყენების საკითხზე საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის გიორგი კირთაძის გადაყენების დღესვე დაიწყო საუბარი, ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და მასზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ ქონია: 

 

„…გადაწყვეტილება მივიღე დამოუკიდებლად ყოველგვარი პარტიული კონსულტაციების გარეშე, რადგან არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არ გახლავართ. გადაწყვეტილება მივიღე იმ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს ქალაქში და თვითმმართველობაში ვითარდება. ბათუმის მერის მოვალეობას არჩევნებამდე ორი თვით ადრე ვასრულებდი, ამ თანამდებობაზე არჩევნების შემდგომ რამდენიმე დღეში დავინიშნე  მაშინ, როცა თვითმმართველობაში იყო ძალთა სხვა თანაფარდობა. ამის შემდგომ ქალაქშიც და პოლიტიკურ წრეებშიც წავიდა საუბარი იმაზე – მე უნდა ვყოფილიყავი თუ არა ახალი გუნდის წევრი, ამიტომ ამ პერიოდის განმავლობაში, რადგანაც ეს მითქმა-მოთქმა არ შეჩერდა, მათ შორის დეპუტატებს შორისაც, ამიტომ  მივიღე გადაწყვეტილება დამეტოვებინა განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე. 

ჯემალ ანანიძე, ბათუმის მერი
ჯემალ ანანიძე, ბათუმის მერი

 

ჩემი მუშაობის პერიოდში იყო პლიუსებიც მინუსებიც, იყო გაორებული მუშაობაც და ეს იყო არა მარტო ჩემში, არამედ მთელი მერიის კოლექტივში. შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა კონკრეტულ პიროვნებებსაც,  თუ ვინ იქნება ქალაქის მერი, რადგან ზოგადად ქალაქის გავითარება არ უნდა შეეწიროს პოლიტიკურ ინტრიგებს,“- ამბობს ჯემალ ანანიძე.

 

მოუწყობს თუ არა  თავის მხრივ საკრებულოც სიურპრიზს ჯემალ ანანიძეს, ამის შესახებ საკრებულოში ჯერჯერობით არ საუბრობენ. ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, „მერს უნდა გამოეცადა, ენდობა თუ არა მას თვითმმართველობა და ეს რიგგარეშე სხდომაზე გამოჩნდება.“

 

საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის „ ბათუმის მომავლისათვის“ თავმჯდომარე გიორგი კირთაძე კომენტარს არ აკეთებს: „ჯერ ჯემალ ანანიძე არ მინახავს, მოგვიანებით დამირეკეთ.“ საპასუხოდ არც ფრაქცია „მაჟორიტარის“ თავმჯდომარეს ნუკრი დოლიძეს სცალია. 

 

პოზიციას მხოლოდ საკრებულოს ფრაქციის „ბათუმისათვის“ თავმჯდომარე ნაზიბროლა ქობულაძე აფიქსირებს: „მე ვფიქრობ, ჯემალ ანანიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს. თუმცა, როგორც ჩანს, მას აქვს იმედი, რომ დარჩება.“ 

 

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თანამდებობის დატოვების მოთხოვნით განცხადებები მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა და ბაღების გაერთიანების დირექტორმაც დაწერეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი