ახალი ამბები

ფანჯიკიძე: გამოძიებამ თალიბების სახელით გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწია

11 ივნისი, 2013 •
ფანჯიკიძე: გამოძიებამ თალიბების სახელით გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწია

თუმცა, როგორც ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას არ აქვს უფლება დააკონკრეტოს, კონკრეტულად რა სახის პროგრესსზეა საუბარი: “ამას შესაბამისი ორგანოები გააკეთებენ.”


ფანჯიკიძე აგრეთვე გამოეხმაურა დღეს, 18 საათზე პრეზიდენტის ადმნისტრაციაში დაგეგმილ უშიშროების საბჭოს სხდომას. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მისდა გასაკვირად სხდომის დღის წესრიგი მხოლოდ ორი საკითხისაგან შედგება. საუბარია აისაფის მისიასა და ზემოხსენებულ ვიდეოზე.

მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე

ფანჯიკიძის თქმით, დღის წესრიგში ვერ მოხვდა საოკუპაციო ზოლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და კიდევ სხვა საკითხები, რომლის შესახებაც იგი საუბარს აპირებს:”მე ძალიან ბევრი საკითხი მიმაქვს იქ. მაქვს ბევრი კითხვა უშიშროების საბჭოს წევრებთან და პრეზიდენტთან და იმედი მაქვს, რომ კითხვებზე პასუხებსაც მოვისმენ”– განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ მისი კითხვა შეეხება იმას, თუ რატომ არ აწერს პრეზიდენტი ხელს 4 ქვეაყნაში ახალი ელჩის დანიშვნის გადაწყვეტილებას.


“თალიბების ჯიჰადი ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ, რომლებიც ავღანეთში იბრძვიან”, ამ სათაურით youtube-ზე  ვიდეო 5 და 6 ივნისს გავრცელდა. ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.


ვიდეოს ინგლისური ტექსტი გასდევს, რომელიც მუქარის შემცველ მოწოდებებს შეიცავს საქართველოს და პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. ვიდეოში ნათქვამია, რომ ყველა ჯვაროსანი, ვინც თალიბების წინააღმდეგ გაილაშქრა, დაისაჯა და აუცილებლად დაისჯებიან ქართველებიც. ვიდეოში რამდენჯერმე ჩანს ქართული დროშა, ასევე ნაჩვენებია ავღანეთში მომხდარი აფეთქებები, რომლის დროსაც ქართველი ჯარისკაცები დაიღუპნენ. ჩანს ქართველი ჯარისკაცების ჩამოსვენების კადრები და ფოტოები, სადაც ქართველ ჯარისკაცებს სამხედრო ფორმა აცვიათ. ფოტოებს ჯარისკაცების სახელები და გვარებიც აწერია.

 

6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად 7 ქართველი ჯარისკაცი გარდაიცვალა და 9 დაიჭრა.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი