ახალი ამბები

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის პირველი შედეგი

10 ივნისი, 2013 • • 871
მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის პირველი შედეგი

მოსამართლეთა უმრავლესობამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად 9 ივნისს 7 მოსამართლე აირჩია, თუმცა, არცერთი მათგანი არ იყო მოსამართლეთა იმ გუნდის წევრი, რომელბმაც რამდენიმე დღის წინ მოსამართლეთა ახალი ასოციაცია დააფუძნეს და კონფერენციის განმავლობაში სასამართლოს მოქმედი ადმინისტრაციისადმი კრიტიკულად იყვნენ განწყობილი.

 

არჩევნების დასრულების შემდეგ აღნიშნულზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ, რომელმაც განაცხადა:

 

„გამოიკვეთა ის, რომ იმ ჯგუფის კნადიდატი, რომელიც წინა დღეებში აქტიურობდა, შექმნეს არასამთავრობო ორგანიზაცია, მოსამართლეთა კონფერენციაზეც აქტიურობდნენ, იძლეოდნენ კრიტიკულ შენიშვნებს, მათი არცერთი კანდიდატი არ გახდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ეს გადაწყვიტა მოსამართლეთა კონფერენციამ, მათი გადასაწყვეტი იყო, ვის აირჩევდნენ, უბრალოდ, ადამიანი, რომელიც კრიტიკულად იყო განწყობილი პროცესებისადმი, შეიძლებოდა უფრო მეტად მხარდაჭერილი ყოფილიყო მოსამართლეთა კონფერენციის მიერ“.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება დღეს, 10 ივნისს გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნების პროცესს.

 

ორგანიზაციების შეფასებით, მოსამართლეთა კონფერენცია მაღალ დონეზე იყო  ორგანიზებული. არასამთავრობო ორგანიზაციათა რეკომენდაციების გათვალისწინებით უზრუნველყოფილი იყო სათანადო გამჭვირვალობა, რამაც დამკვირვებლებსა და მასმედიის წარმოადგენლებს მონიტორინგის დაუბრკოლებლად განხორციელების   შესაძლებლობა მისცა.

 

„ჩვენი დაკვირვებით, პროცესის მიმდინარეობაზე მოსამართლეებს არ შექმნიათ ხელოვნური და არსებითი დაბრკოლებები აზრის გამოხატვის, ნების გამოვლენის, დისკუსიის წარმართვისა და საკითხების დასმის თვალსაზრისით. ამის გათვალისწინებით, კონფერენცია გამოირჩეოდა მოსამართლეთა საკმაოდ მაღალი აქტიურობით. ამასთან, ძირითად საკითხებზე მოსამართლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გადაწყვეტილება კენსჭისყით მიეღოთ“, – წერია განცხადებაში, რომლის ავტორები არიან  საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და ადამიანის უფლებათა ცენტრი.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ რამდენიმე პრობლემურ საკითხზე. მათი განცხადებით, დამსწრეთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ცვლილებას, რომლის მიხედვითაც რიგგრეშე კონფერენციის დღის წესრიგის დამტკიცების უფლება უნდა მინიჭებოდა მოსამართლეთა კონფერენციას. ამასთან, კონფერენციამ, დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, უარი თქვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის შეკითხვების დასმის უფლებამოსილების გამოყენებაზე. შესაბამისად, იმ მოსამართლეებს, რომლებსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისათვის კითხვის დასმა სურდათ, ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა არ მიეცათ.

 

„მართალია, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კონფერენციას მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება ჰქონდა, თუმცა, ზოგადად, არჩევნების არსიდან გამომდინარე, რომელიც ამომრჩევლის მიერ კანდიდატის ხედვებისა თუ გეგმების შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიღების უფლებას გულისხმობს, მიზანშეწონილი იქნებოდა კონფერენციას სხვა გადაწყვეტილება მიეღო და თითოეულ მოსამართლეს კანდიდატისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა მისცემოდა“, – მიიჩნევენ განცხადების ავტორი არასამთავრობოები. მათივე შეფასებით, კონფერენციის დროს გამართულმა დისკუსიამ დაადასტურა, რომ ზოგიერთი საკანონმდებლო ნორმის ბუნდოვანებამ მოსამართლეებს მათი ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალება მისცა, რის გამოც საჭიროა, კანონმდებლებმა იზრუნონ კანონის უფრო მეტად დახვეწაზე.

 

საია–ს თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის მოსაზრებით, მოსამართლეებმა ვერ ისარგებლეს კანონით მინიჭებული „ძალიან კარგი შანსით“, ბევრ საკითხზე გამოეხატათ ჯანსაღი პოზიცია და ეს იგრძნობოდა კიდეც კონკრეტული საკითხების განხილვისას.

 

აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება „პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ წარმომადგენელი ოთო კახიძე.

 

„ძალიან სამწუხაროა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთი მხრივ, საუბრობენ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მეორე მხრივ, როცა მოსამართლეეები თავად იღებენ იმგვარ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ არ მოსწონთ, ამას აცხადებენ დამოუკიდებლობის შელახვად და ხარვეზად. არანაირი ხარვეზი ეს არ ყოფილა. მოსამართლეებმა კენჭი უყარეს მათ შორის დღის წესრიგსაც, უბრალოდ, იქ ფარული კენჭისყრა მოითხოვეს დღის წესრიგისთვის განსასაზღვრად. მე ასეთი მოდელის შესახებ არსად არ მსმენია. მოსამართლეებმა კი თავად გადაწყვიტეს, რა, როგორ გაეკეთებინათ. ყველა უნდა შეეგუოს, რომ სასამართლო ზოგჯერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველასთვის მისაღები არ იქნება, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო დამოუკიდებლად“, – განუცხადა ოთო კახიძემ „ნეტგაზეთს“.

 

მისივე განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იყო წინგადადგმული ნაბიჯი და ეს იყო არჩევნები, რომელზეც მოსამართლეები თავად ასახელებდნენ კანდიდატურებს, განსხვავებით წინა მოდელისგან, როცა კანდიდატებს ექსკლუზიურად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასახელებდა. კახიძის მოსაზრებით, ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ რიგით მოსამართლეებს დაუბრკოლებლად მიეცათ საშუალება, რომ მიეღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში და საბჭო არ დაკომპლექტდა მხოლოდ სასამართლოს მენეჯმენტით.

 

„გუშინდელი არჩევნები არის სასამართლო რეფორმის შედეგი და მინდა ხაზი გავუსვა მოქმედი ხელისუფლების დამსახურებას ამ რეფორმის ინიცირებაში. რეფორმა წარმატებულად მიმდინარეობს. მოსამართლეებმა თავად აირჩიეს თავიანთი წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, შემცირდა სასამართლოს თავმჯდომარის როლი და გაიზარდა რიგითი მოსამართლის როლი, შემოვიდა ფარული კენჭისყრა და მოიხსნა ყველა კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, იქონია თუ არა ვინმემ გავლენა მოსამართლეზე.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

კახა კოჟორიძესა და ზაქარია ქუცნაშვილს რომ არ მოსწონთ, ისეთი მოსამართლეების არჩევა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, არ ნიშნავს, რომ მოსამართლეებმა ვერ ისარგებლეს თავისუფლებით. შეგვიძლია პირიქით ვთქვათ, რომ თუ მთავრობისა და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაწონი მოსამართლეები არ აირჩიეს უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეებმა სწორედაც რომ ისარგებლეს მათთვის მინიჭებული თავისუფლებით“, – მიიჩნევს ოთო კახიძე.

 

მისივე განცხადებით, 9 ივნისის არჩევნები არ იმოქმედებს ‘დამარცხებული’ მოსამართლეების სასამართლო პრაქტიკაზე, რადგან ისინი დამოუკიდებლად, თავიანთი შინაგანი რწმენის საფუძველზე და კანონის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათი ყოფნა–არყოფნა არც მათ და არც საზოგადოების ინტერესს ზიანს არ მიაყენებს.

 

„ახლა ჩვენ უნდა დაველოდოთ სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ამ გადაწყვეტილებების შინაარსით უნდა ვიმსჯელთ იმაზე, სასამართლო მოწოდების სიმაღლეზეა თუ არა. ჩვენს სასამართლოს კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, სანამ საბოლოოდ ჩამოყალიბდება სრულყოფილ, დემოკრატიულ ინსტიტუტად“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ „პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ წარმომადგენელმა ოთო კახიძემ.

 

2012 წლის 1 ოქტომბერს არჩეულმა საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო სასამართლო რეფორმის განხორციელება, რის შედეგადაც დაიშალა იუსტიციის უმაღლესი საბჭო და დაინიშნა მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია. დაშლილი საბჭოდან თავის ადგილს ინარჩუნებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ერთი რიგითი მოსამართლე, 7 წევრი 9 ივნისს აირჩია მოსამართლეთა კონფერენციამ, დანარჩენ 6 წევრს კი საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს უახლოეს მომავალში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი