ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ქართველი ქალი სტამბულში არ ყოფილა გატაცებული

7 ივნისი, 2013 •
საგარეო საქმეთა სამინისტრო: ქართველი ქალი სტამბულში არ ყოფილა გატაცებული

ქართული მედიით გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია თურქეთში, კერძოდ, ქალაქ სტამბულში სამუშაოდ წასული ქართველი ქალის გატაცების შესახებ. მედიას მეუღლის გატაცების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა გატაცებულის ქმარმა. ოჯახი წარმოშობით აჭარიდანაა.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარი ნარჩემაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ინციდენტი სრულად ამოწურულია:

 

„როდესაც ეს ამბავი ატყდა, საკონსულო დეპარტამენტი სტამბულში აქტიურად ჩაება ამ ინფორმაციის გამოკვლევაში. საკონსულოს წარმომადგენელი ამ ქალბატონის მეუღლესთან და თურქ სამართალადმცავებთან ერთად ცდილობდა ვითარების გამოკვლევას. საბოლოო ჯამში, როგორც აღმოჩნდა, ეს ქალბატონი არ ყოფილა გატაცებული და ამ ამბავს არაფერი აქვს საერთო კრიმინალთან“.

 

მარი ნარჩემაშვილის ინფორმაციით, რომელიც სტამბულის ქართულ საკონსულოში გადაამოწმა, „ეს ქალბატონი უკვე დაბრუნებულა ოჯახში, მეუღლესთან. საქმე ეხება ცოლ-ქმარს შორის პირად ურთიერთობას. ამ ქალს გადაწყვეტილება უნდა მიეღო მეუღლესთან დაკავშირებით. უკვე დადასტურებულია, რომ არანაირ გატაცებას ადგილი არ ჰქონია“.

 

გასულ კვირას ქართული მედიით გავრცელებული ინფორმაცია კი შემდეგი შინაარსის იყო: ახალგაზრდა ქართველი ქალი, რომელიც სამი წელია ერთ-ერთ თურქულ ოჯახში მოხუცს უვლიდა, სავარაუდოდ, ქურთებმა გაიტაცეს. გატაცებულის ქმრის ვარაუდით, გატაცება დაემთხვა ქალის ხელფასის აღების დღეს და, შესაბამისად, მას ეჭვი ჰქონდა, რომ გატაცება ფულის გამოძალვის მიზნით მოხდა.

 

გატაცებულის ქმარს ასევე ეჭვი ჰქონდა, რომ საქმესთან კავშირი ჰქონდა ვინმე ნანას, რომელმაც დაასაქმა თავისი მეუღლე და რომელიც ბათუმში ცხოვრობდა.

 

მეუღლე ასევე ამბობდა, რომ მას გამტაცებლები ურეკავდნენ ტელეფონზე და ცოლის ტირილს ასმენინებდნენ.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარება ქმარმა სთხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი