ახალი ამბები

იან კელი: ამერიკას საქართველოს დახმარების ძლიერი სურვილი აქვს

12 ოქტომბერი, 2017 • 1930
იან კელი: ამერიკას საქართველოს დახმარების ძლიერი სურვილი აქვს

ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების  კონფერენცია (GDSC)  ტარდება, რომელშიც მონაწილეობას, ქართველ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, აშშ-ის ელჩი საქართველოში   იან კელი იღებს. კონფერენციაზე საუბრისას მან   აღნიშნა, რომ  მაღალი ჩართულობის დონე ქვეყნის ზრდის მაჩვენებელია და   ხაზი გაუსვა აშშ-ის ძლიერ სურვილს, დაეხმაროს საქართველოს.

“უკვე მესამე წელია, რაც ბათუმში თავდაცვისა დაუსაფრთხოების კონფერენციას ვესწრები და ვხედავ, როგორ გაიზარდა ამ ხნის განმავლობაში არა მხოლოდ მონაწილეების რაოდენობა, არამედ ჩართულობის დონე. შთამბეჭდავია ამდენი მინისტრის მონაწილეობა კონფერენციაში. ჩემი აზრით, ეს არის საქართველოს მნიშვნელობის ზრდის ნამდვილი გამოხატულება და პარტნიორების მხრიდან აღიარება იმ მძიმე გამოწვევებისა, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოების მიმართულებით აქვს და რომლებსაც ქვეყანა წარმატებით უმკლავდება. რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქვს საქართველოს დახმარების ძლიერი სურვილი.”-განაცხადა მან.

იან კელის თქმით, კონფერენციაზე წარმოდგენილ თემებს შორის ყველაზე მეტად შავი ზღვის უსაფრთხობის პანელს ელოდება, ვინაიდან მასში თავადვე მონაწილეობას.

“რაც შეეხება კონფერენციის თემებს, მე ველი პანელს შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელშიც თავად ვმონაწილეობ. ჩვენ ყველანი, როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში, შეძრწუნებული ვართ ყირიმის ანექსიით, ხურჩის გამშვები პუნქტის დახურვით და რუსეთის მხრიდან ნატოს თვითმფრინავისა და შავ ზღვაში გემის მიმართ აგრესიული ქმედებებით. ძალიან საინტერესო კონფერენციაა.”

კითხვაზე, რა როლი მიუძღვის საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებაში, კელიმ აღნიშნა, რომ საქართველოს არა მხოლოდ სტრატეგიული, არამედ პოლიტიკურ-ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს.

“ჩემი აზრით, შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს ორმხრივი როლი აქვს: ერთი, როგორც შავი ზღვის ტერიტორიაზე სანაპირო სივრცის მქონე ქვეყნის და მეორე, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გამტარის, პორტის ფუნქციის მქონე. ასე რომ, საქართველოს აქვს როგორც სტრატეგიული, ისე პოლიტიკურ-ეკონომიკური მნიშვნელობა.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი