14:00 საათზე შესაბამისი მოთხოვნით მოქალაქეები თავდაცვის სამინისტროსთან აპირებენ შეკრებას, ხოლო 15:00 საათზე – რუსთაველის გამზირზე. აქციების ორგანიზება სოციალური ქსელების მეშვეობით მიმდინარეობს.
“მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ეძღვნება რა იმ ცხრაწლიანი უპასუხიმგებლო ასიმეტრიული დამოკიდებულების ნეოკონსერვატული პოლიტიკის გატარების შედეგად მიღებული რეალობის გაპროტესტებას, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს ავღანეთში მიმდინარე ტრაგიკული შედეგების გათვალისწინებით. უნდა შეწყდეს არაფრისმომტანი და უპერსპექტივო პოლიტიკა ავღანეთში ჯარისკაცების გაშვებით! ამგვარი პოლიტიკის გაგრძელება მხოლოდ უარეს შედეგებს მოგვიტანს! მოვთხოვოთ სამთავრობო უწყებებს ქართული კონტიგენტის სრული გამოყვანა! გაუქმდეს სამხედრო სავალდებულო სამსახური!”, – ნათქვამია თავდაცვის უყებასთან დაგეგმილი აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში. დემონსტრაციის ორგანიზატორი რეზი კარანაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ იგი არც ერთ ორგანიზაციას არ წარმოადგენს და მსგავსი მოთხოვნით აქციის გამართვა მეგობრებთან ერთად დამოუკიდებლად გადაწყვიტა.