ახალი ამბები

რატომ არ მიიწვია ტელედებატებში “იმედმა” ლეიბორისტების კანდიდატი

11 ოქტომბერი, 2017 • 2207
რატომ არ მიიწვია ტელედებატებში “იმედმა” ლეიბორისტების კანდიდატი

ტელეკომპანია “იმედმა” 10 ოქტომბერს თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ ტელედებატებში არ მიიწვია  “ლეიბორისტული პარტიის” მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა.    ტელეკომპანიის განცხადებით, ამის  მიზეზი გიორგი გუგავას გამონათქვამები გახდა.

“დებატებში არ მონაწილეობს მშრომელების მერობის კანდიდატი. ლეიბორისტული პარტიის კანდიდატის ლიდერის გამონათქვამები “იმედის” მიმართ არის შეურაცხმყოფელი და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ არ იყოს ის იმედის პირდაპირ ეთერში. “იმედი” არ არის დაინტერესებული, პოპულარიზაცია გაუწიოს ასეთ პარტიას. არხის პოზიციაა, რომ გუგავა “იმედში” არ მოვა”, – განაცხადა გადაცემის “ამომრჩევლის პირისპირ” წამყვანმა  ირაკლი ჩიხლაძემ 10 ოქტომბერს პირდაპირ ეთერში.

გიორგი გუგავა Facebook-ის პირად გვერდზე “იმედის” გადაწყვეტილებას ქართული ოცნების მერობის კანდიდატს უკავშირებს.

“ტელეკომპანია იმედზე მიმდინარეობს თბილისის მერობის კანდიდატების დებატები, სადაც ყველა კანდიდატია წარმოდგენილი გარდა გიორგი გუგავასი. მიზეზად დაასახელეს, რომ თურმე პარტიის ლიდერის და ჩემი გამონათქვამები ყოფილა მათვის შეურაცმყოფელი.
ჯერ ერთი, სტუდიაში იმ პარტიის წარმომადგენლები ჰყავთ მიწვეული, ვის ლიდერებსაც თავის დროზე იმედის დარბევის ბრძანება აქვს გაცემული, ხოლო ივანიშვილი (რომლის ჯიბის ტელევიზიადაა დღეს ქცეული, ხოლო სანაცვლოდ პენსიონერების საძარცვად პატარკაციშვილების ოჯახმა ბანკი “ლიბერთი” მიიღო ) ყიდულობდა დარბევის იარაღს და პრემიებს გასცემდა მარბიელ სპეცნაზელებზე მაშინ, როდესაც ჩვენ სიცოცხლის რისკის ფასად ვიცავდით ამ ტელეკომპანიას (შალვა ნათელაშვილზე გადატრიალების მოტივით სისხლის სამართლის საქმეც კი აღძრეს).
სინამდვილეში, დღეს იმედმა კახი კალაძის დაკვეთა შეასრულა, რომელსაც სტუდიაში არ სურდა გიორგი გუგავას ხილვა, რომელიც დაუფარავად და შეულამაზებლად ამხელდა მის მაფიოზურ საქმიანობას,”-წერს გიორგი გუგავა.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს. მაუწყებლობის შესახებ” კანონის 55-ე მუხლით საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

ლეიბორისტული პარტია “კვალიფიციური” პოლიტიკური პარტიაა. “ნეტგაზეთს” პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, რომ შესაძლოა პარტიამ ტელეკომპანიას მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს.

ტელეკომპანია “იმედმა” დებატებში არ მიიწვია “შენების მოძრაობის” კანდიდატი. მოძრაობის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი  დებატებიდან მისი მოხსნის მიზეზად “ქართულ ოცნებას” ასახელებს.

„ტელეკომპანია „იმედი“ ორი დღის განმავლობაში მართავდა ჩვენთან მოლაპარაკებას დღეს მერობის კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვიყავით, მიგვეღო მონაწილეობა აღნიშნულ გადაცემაში და დაგვესვა მწვავე საკითხები, რაც თბილისს და თბილისელებს ყველაზე მეტად აწუხებთ. გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ტელევიზიიდან გაუგებარი მიზეზებით შეგვატყობინეს, რომ ჩვენ შეცდომით დაგვპატიჟეს დებატებში და უარი გვითრხეს გადაცემაში მონაწილეობის მიღებაზე”,-აცხადებს თენგიზ შერგელაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი