ახალი ამბები

მერაბიშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები დააკავეს

5 ივნისი, 2013 • 1317
მერაბიშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები დააკავეს

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ფარნავაზ ჭკადუა და დავით გოგოხია წვრილმანი ხულიგნობის ბრალებით დააკავეს. მისივე განცხადებით, გამოძიება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, თუმცა დაკავებულებს ხელწერილების დადების შემდეგ გაათავისუფლებენ.

 

166-ე მუხლი გულისხმობს წვრილმანს ხულიგნობას – “საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს” და ამ მუხლის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, ან – თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული – ადმინისტრაციული პატიმრობა 90 დღემდე ვადით.

 

 

ორგანიზაცია “კლუბ თავისუფალი ზონის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, გელა ვასაძის განცხადებით, ერთ-ერთი დაკავებული უკვე გამოუშვეს პოლიციიდან. მისივე თქმით, ერთ-ერთი მათი აქტივისტი იმის გამო დააკავეს, რომ პუტინს შეაგინა.

 

აქტივისტების დაკავების შესახებ ვიდეომასალა “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” გაავრცელა, სადაც აქციის მონაწილე აცხადებს, რომ პუტინს შეაგინა, პოლიციის თანამშრომელი კი ამბობს, რომ მან ქუჩაში საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია გინებით.

 

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, ისინი აპროტესტებდნენ ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებას და აცხადებდნენ, რომ მერაბიშვილი ივანიშვილის პირადი პატიმარია.

 

ორგანიზაცია “კლუბი თავისუფალი ზონა” 2013 წლის 21 მაისს დაფუძნდა, სწორედ იმ დღეს, როდესაც დააკავეს ვანო მერაბიშვილი. ორგანიზაციას სამი დამფუძნებელი ჰყავს, მათ შორის არის ყოფილი პარლამენტარი და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ხაბაზი.

მასალების გადაბეჭდვის წესი