ბატონო თენგიზ, საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM-ის გაფართოება, რისი წინააღმდეგიც არის აფხაზეთისა და ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება. არსებობს თუ არა რაიმე შანსი ამ მისიის გაფართოების ან მოდერნიზაციის იმ პირობებში, რაც ამ დღეებში ხდება სოფელ დიცში?
დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი მიზანი არის არათუ გაფართოება, არამედ ის, რომ ამ მისიამ ბოლომდე შეასრულოს თავისი მანდატი. რადგან ამ მისიას დღესაც კი არ აქვს იმის საშუალება, რომ გადაკვეთოს საოკუპაციო ხაზი, მაშინ როცა მანდატით მას ამის უფლება აქვს. პრობლემას მათ უქმნის არა აფხაზეთის და ოსეთის ე.წ. ხელისუფლება, არამედ რუსეთი. სწორედ აქეთკენ არის მიმართული მთელი საერთაშორისო ძალისხმევა. ამისთვის გამოიყენება ჟენევაც და სხვა საერთაშორისო ტრიბუნა, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამ მიზანთან დაახლოება.
ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, არაერთი განცხადება გაკეთდა, სადაც საუბარი იყო ხელისუფლების მხრიდან მისი პოლიტიკური ნიშნით დევნაზე, თუმცა არსებობს მეორე მხარე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, სადაც ხაზგასმით წერია, თუ რა როლი ჰქონდა მერაბიშვილს და მის უწყებას იმაში, რომ ხელი შეშლოდა სამართლიან მართლმსაჯულებას. როგორ ფიქრობთ, ამის მიუხედავად, ვანო მერაბიშვილის საკითხი შეიძლება გახდეს სამიტზე მსჯელობის საგანი?
ეს სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია და მუშაობა მიდის იმ დოკუმენტებთან დაკავშირებით, რისი პარაფირებაც შეიძლება მოხდეს. დიდი ნაწილი ამ დოკუმენტების შესრულებულია. რაც შეეხება დაკავებების საკითხს, ეს არის ძალიან მგრძნობიარე თემა, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ბევრი კითხვა იყო ჩადებული გამოძიებასთან დაკავშირებით, ამასთან საზოგადოების ინტერესი არის ძალიან დიდი და მეორე მხარეა, რომ ეს ყველაფერი ეხება მაღალი რანგის პოლიტიკურ პირებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მთელი ეს პროცესი მიმდინარეობდეს გამჭვირვალედ, განუხრელად იყოს დაცული სამართლიანი სასამართლოს პრინციპები, რადგან ეს არის ყველაზე ძლიერი გამოწვევა დღევანდელი ხელისუფლების, რომ არავის მიეცეს ორაზროვანი განმარტების საშუალება და არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები. ამაზე მიანიშნეს ევროკავშირის წარმომადგენლებმაც.
ევროკავშირი ყოველთვის მიუთითებდა საქართველოს ციხეებში პატიმრების რაოდენობაზე, შრომის კოდექსის ლიბერალიზაციაზე, ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნაზე და სხვა მიმართულებებითაც. თქვენი აზრით, რამდენად პოზიტიური ან ნეგატიური მაჩვენებლებით წარსდგება საქართველო ვილნიუსის სამიტზე?
ამ მიმართულებით გვაქვს სერიოზული მემკვიდრეობა, ბევრი გაკეთდა და ბევრი დღესაც კეთდება. ჩვენ ვართ იმ სტადიაში, როდესაც ხდება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, შრომის კოდექსზეც ვერ გეტყვით, რომ იდეალურია, მაგრამ შენიშვნები გათვალისწინებულია და ყველაფერი ეს არის სამუშაო პროცესი. ნოემბრამდე არის კიდევ დრო, საშინაო დავალებებიც გვაქვს და ამ ყველაფრის განხორციელება უნდა მოხდეს.
ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე სამოქმედო გეგმა საქართველოს გადმოეცა მარტში, თუმცა ვადა, როდის შეიძლება ამოქმედდეს უვიზო რეჟიმი, დაკონკრეტებული არ არის, ხომ არ შეუშლის ამ პროცესს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც, რადგან ამან შეიძლება გააჩინოს მოქალაქეების მასობრივად გადინების საფრთხე?
ვადა არ არის გაწერილი, მაგრამ აქაც არის ბევრი საკითხი, რომელიც საზღვარს, დოკუმენტის უსაფრთხოებას უკავშირდება, დანარჩენის მოსაწესრიგებლად დრო ვილნიუსის სამიტამდე გვაქვს. ნიშანდობლივია შტეფან ფულეს განცხადება იმის თაობაზე, რომ მას დიდი იმედი აქვს, რომ მოხდება პარაფირება.
დასავლური მედია არც თუ ისე იშვიათად წერდა საქართველოს უკრაინიზაციაზე, რამდენად რეალისტურია ეს შეფასება?
მედიას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არსებობს ისეთი მედიაც, რომელიც მუდმივად სკანდალს ეძებს. ჩვენ შეიძლება რაღაც შეცდომები მოგვდის, მაგრამ ასეთი შეფასება რომ უკრაინიზაციის გზას დაადგა საქართველო, არც უკრაინის მიმართ არის კორექტული და არც სწორია. უკრაინის მოსახლეობის განწყობები არის აბსოლუტურად სხვა, მათ შორის ნატოსთან, ევროკავშირთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ასეთ პარალელებს მე პირადად არ გავავლებდი.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა პრიორიტეტები ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით 2014-2020 წლებში. გამოიყო სამი ძირითადი მიმართულება: სოფლის მეურნეობა, სამართლებრივი სისტემის გაუმჯობესება და საჯარო რეესტრის რეფორმა. რატომ შეირჩა ეს პრიორიტეტები?
ეს პრიორიტეტები ყოველთვის იყო. შინაარსობრივად, სამოქმედო გეგმებში ბევრი არაფერი იცვლება. აქ საუბარია იმაზე, რომ იყოს მუდმივი პროგრესი და რაც შეიძლება მალე სრულდებოდეს აღებული ვალდებულება. ეს არის საბაზისო ვალდებულებები, რითაც ხდება ქვეყნის დაახლოება ევროკავშირთან.
როგორ შეაფასებთ ადამიანის უფლებების მდგომარეობის მხრივ დღეს არსებულ სიტუაციას, ხელისუფლებამ 2013 წლის 17 მაისს ვერ უზრუნველყო ლგბტ ჯგუფისა და მათი მხარდამჭერების გამოხატვის თავისუფლების დაცვა. სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილ ევროპასთან დაახლოებას ხომ არ შეაფერხებს მსგავსი ფაქტები?
ეს სწრაფვა მოითხოვს მუდმივ დინამიკას, მუდმივი რეფორმების პროცესს, ამიტომ აქ გაჩერება ნამდვილად არ შეიძლება. როდესაც პარტნიორები ხედავენ, რომ რაღაც კეთდება არასწორად, მინიშნებები არის იმისთვის, რომ ყურადღება მივაქციოთ და არ შეგვიქმნას პრობლემა. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი დროზე იქნება გათვალისწინებული. თუ პრობლემა შეიქმნა, მერე გვიანი იქნება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამუშაო, რომელიც ყველაფერში რეფორმირებას. ეს არის გამოძიება, პროკურატურა, ადამიანის უფლებები, უმცირესობების უფლებები, ეკონომიკური საკითხები, ყველაფერი ეს არის კომპლექსში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ პროცესების გაგრძელებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება შესაძლებელია.