ახალი ამბები

უშიშროების საბჭოს სხდომას ნოდარ ხადური დაესწრება

5 ივნისი, 2013 • • 1033
უშიშროების საბჭოს სხდომას ნოდარ ხადური დაესწრება

მისი თქმით, დაგროვდა ბევრი თემა, რომელიც უშიშროების საბჭოს ფორმატში უნდა განიხილოს და მოგვარდეს.

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

“ახალი მთავრობის მიერ რვათვიანი მუშაობის შემდეგ, როგორც ცნობილია, დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა ჩაინიშნა. სამწუხაროდ, მას ვერ დაესწრებიან ორი მნიშვნელოვანი უწყების – თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო სხდომის გადადებას ითხოვს. თუ სხდომა ჩატარდება, მე მასში მონაწილეობას მივიღებ”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, ასევე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობს პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო თავად საბჭოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს.

 

ამ დროისთვის ცნობილია, რომ სხდომაში მთავრობიდან მონაწილეობას მიიღებს ფინანსთა მინისტრი, ასევე – პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აშშ-ში იმყოფება, ხოლო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია – ბრიუსელში, რის გამოც ისინი დღევანდელ სხდომაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა გუშინ უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბარში განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოადგილეებს.

 

ჯერ უცნობია, მიიღებს თუ არა დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრემიერი ბიძინა ივანიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი