“ოცნება” ტელევიზიებს თბილისის მერობის კანდიდატებთან ერთობლივი დებატების ორგანიზებას სთავაზობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ მედიას ახალი ინიციატივა შესთავაზა, რომელიც ეხება თბილისის მერობის კანდიდატებთან საერთო დებატების ორგანიზებას და რომელიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება ფარტო აუდიტორიისთვის. 

მისი თქმით, ყველა  ძირითადი მედიასაშუალება, იქნება ეს საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ რომელიმე კერძო ტელევიზია,  უნდა  შეთანხმდეს საერთო ფორმატზე, სადაც თითოეულ მათგანს შეეძლება კითხვის დასმა და საზოგადოებისთვის ყველა მნიშვნელოვან კითხვას გაეცემა პასუხი.

თალაკვაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე მზადაა, მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ასეთ, საერთო დებატებში.

“ვინაიდან არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, ჩვენ ვთავაზობთ ყველა მედიასაშუალებას,
შეთანხმდნენ ერთობლივ ფორმატზე, სადაც ყველა კანდიდატს და მედიას ექნება მონაწილეობის მიღების საშუალება და მაყურებლისთვის ეთერი იქნება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. ჩვენ პატივს ვცემთ საზოგადოებას და მედიას, არ გვსვურს გამოვარჩიოთ რომელიმე მედიასაშუალება და რომელიმე კანდიდატი, ამიტომ კახა კალაძე მზად არის, მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ საერთო დებატში, რომელიც აგებული იქნება პარიტეტულ პრინციპზე და ყველასთვის თანაბარ პირობებს უზრუნველყოფს.

ჩვენი ამომვალი პრინციპი და  ძირითადი ინტერესი არის ერთადერთ: ყველა ძირითადი მედიასაშუალებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ დებატები შედგება მათი მონაწილეობით, და ასევე საზოგადოებას,  თითოეულ ამომრჩეველს ჰქონდეს მაქსიმალური ხელმისაწვდომობა“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან