ახალი ამბები

ანდრეი შევჩენკო თბილისში გაკეთებული განცხადების გამო შესაძლოა 2000 ლარით დააჯარიმონ

5 ოქტომბერი, 2017 • 45877
ანდრეი შევჩენკო თბილისში გაკეთებული განცხადების გამო შესაძლოა 2000 ლარით დააჯარიმონ

ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს მიერ თბილისში გაკეთებული განცხადების გამო საიამ ცესკოს მიმართა. საია ფიქრობს, რომ შევჩენკომ სავარაუდოდ საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია და ცესკოს მომხდარის შესწავლისაკენ მოუწოდა. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში სანქცია 2000-ლარიანი ჯარიმაა.

ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და კახა კალაძის დახმარებით, თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატისა და მისი მეგობარი ვარსკვლავების მონაწილეობით საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ ანდრეი შევჩენკომ თქვა:

“დიდად მოხარული ვარ აქ ყოფნით. გულით ვუსურვებ წარმატებას ჩემს მეგობარ კახი კალაძეს. დარწმუნებული ვარ, ის კარგი მერი იქნება,” – განაცხადა შევჩენკომ.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე, ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.

საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

image1

image2

რამდენად რეალურია იმის შანსი, რომ შევჩენკოს წინააღმდეგ მართლაც გამოიყენოს ცესკომ სანქცია? 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაახლოებით ანალოგიურ შემთხვევასთან გვქონდა საქმე, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის საიას მოსაზრებით, კანონმდებლობას ასევე უკრაინის მოქალაქე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც არღვევდა, სავარაუდოდ. თუმცა მაშინ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი ვერ შედგა.

“აღსანიშნავიარომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ფაქტობრივად შეუძლებელია ხსენებულ პირებზეთუ ისინი არ იმყოფებიან საქართველოში”, – აცხადებდა 2016 წელს თამარ ჟვანია, ცესკოს თავმჯდომარე.

საქმე ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვებით ერთვებოდაა ენმ-ის საარჩევნო კანდიდატების წარდგენის დროს. ერთ ასეთ შემთხვევაში, რომელსაც მარნეულში ჰქონდა ადგილი, სამართლიანმა არჩევნებმა ისაუბრა ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე. ხოლო მეორე შემთხვევაში, რასაც ბათუმში ჰქონდა ადგილი – საიამ. 

უცნობია, ამჟამად რა გადაწყვეტილებას მიიღებს ცესკო ანდრეი შევჩენკოსთან მიმართებაში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ბილეთების რეალიზაციით, ვარსკვლავების თამაშზე 301 ათასი ლარი, ხოლო საქართველო-ირლანდიის მატჩზე 102 ათასი ლარი შეგროვდა. ფედერაციის ცნობით, ორივე თამაშიდან შემოსული 403 ათასი ლარი სრულად მოხმარდება ბორჯომის ხეობის აღდგენით სამუშაოებს. ვარსკვლავების მატჩის ფოტორეპორტაჟი იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი