ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს კენჭს 12 ივნისს უყრიან

3 ივნისი, 2013 • • 911
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს კენჭს 12 ივნისს უყრიან

აღნიშნულ პოზიციაზე კანდიდატების წარმოდგენის ვადა 31 მაისს დასრულდა. პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობაზე  44 რეკომენდაცია შევიდა, ხოლო სადისციპლინო კომისიის წევრობაზე – 5.

 

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის თქმით, წარმოდგენილი საბუთების დიდი ნაწილი ხარვეზებს შეიცავდა: 

 

“მიუხედავად იმისა, რომ ასე პირდაპირ არ ითვალისწინებს კანონი ხარვეზების გამოსწორებისთვის დამატებითი ვადების მიცემას, ჩვენ მაინც შევატყობინეთ პრაქტიკულად ყველა იმ პირს, ვის საბუთებშიც იყო ხარვეზი ამ ხარვეზების შესახებ და დღეს, დღის 12 საათამდე ჰქონდათ მათ ვადა, რომ გამოესწორებინათ ეს ხარვეზი. უმრავლესობამ გამოასწორა ეს ხარვეზები. განვიხილეთ წარმოდგენილი რეკომენდაციები კომიტეტის სხდომაზე. სადისციპლინო კომისიის ხუთივე წევრს კომიტეტმა მისცა კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლება, ხოლო იუსტიციის საბჭოს წევრობაზე წარმოდგენილი 44 წევრიდან 9 პირს არ მისცა კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა, ვინაიდან მათ საბუთებში იყო სხვადახვა სახის ხარვეზი.”

ვახტანგ ხმალაძე შალვა შავგულიძე
ვახტანგ ხმალაძე შალვა შავგულიძე

დღესვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა პარლამენტის ბიუროს წარედგინება:

 

“ბიურის წარვუდგენთ დასკვნას და ყველა იმ კანდიდატის დოკუმენტაციას, რომლებიც აგრძელებენ მონაწილეობას. ხვალიდან უკვე 1 კვირის განმავლობაში ფრაქციებს აქვთ შესაძლებლობა განიხილონ საბუთები. სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ მოიწვიონ კანდიდატი გასასაუბრებლად. ხვალიდან უკვე პარლამენტის ყველა ფრაქციას ექნება სრული დოკუმენტაცია აღნიშნული კანდიდატების. ფრაქციებში განხილვის პროცესი უნდა დასრულდეს ორშაბათს და უახლოეს პლენარულ სხდომაზე, ეს იქნება 12 ივნისს. პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს კანდიდატებს ცალ-ცალკე,” – ამბობს ხმალაძე.

 

მისივე თქმით, კენჭისყრა ფარული იქნება:

 

“ჩამოყალიბებული პოზიციით მოვლენ ფრაქციის წევრები და სასესიო სხდომაზე მხოლოდ კენჭისყრა იქნება. ფარული კენჭისყრა გადაწყვეტს, ვინ აირჩიონ და ვინ არა. კანდიდატების ნაწილს, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, დიდი ხანია ვიცნობ და არაერთი ღირსეული კანდიდატია, ყველა კანდიდატს ნამდვილად არ ვიცნობ. საბუთების  მიხედვით ყველას აქვს შანსი იყოს არჩეული.”

მასალების გადაბეჭდვის წესი