კომიტეტის სხდომის დაწყებამდე დეპუტატებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზურაბ აბაშიძის თქმით, დღეს განცხადებების ფორმალურ მხარეს განიხილავენ:
“საბჭოს 6 არამოსამართლე წევრის ადგილის დასაკავებლად 45 განაცხადია შესული. იურიდიული კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე შემოსული განაცხადების ფორმალურ მხარეს განიხილავს, რამდენად შეესაბამებიან კანდიდატები კანონის მოთხოვნებს. ამის შემდეგ საკითხი ბიუროს სხდომაზე გავა, ხოლო შერჩეულ კანდიდატებს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებმა შემადგენლობის ორი მესამედით უნდა უყარონ კენჭი. “
უმცირესობის წევრის, დავით საყვარელიძის თქმით, კანონმდებლობით არის გათვალისწინებული გარკვეული კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს წარმომდგენი ორგანიზაცია, ასევე ის კანდიდატი, რომელსაც წარმოადგენენ:
“დღევანდელი დღე იქნება განკუთვნილი სწორედ ამ პროცედურების დაცვით კანდიდატების შერჩევაზე, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება შეკითხვები აღნიშნულ კრიტერიუმებზე. კონტურები ჩანს ისეთი, რომ ძირითადად ხელისუფლებასთან დაკავშირებული სატელიტი ორგანიზაციები და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული ორგანიზაციების მიერ არიან წარმოდგენილი კანდიდატები. მე იმედი მაქვს, ეს ადამიანები მაინც შეეცდებიან იყვნენ პოლიტიკურად ნეიტრალურები, რათა ერთხელ და სამუდამოდ მიღწეული იქნას სასამართლოს დამოუკიდებლობა, რაც ჭირდება საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით. განსაკუთრებით მაშინ, როცა ასე მწვავედ დგას პოლიტიკური დევნის საკითხი.”