ახალი ამბები

რა სახის დახმარებას შეიძლება ელოდონ აგვისტოს ომის მსხვერპლები ჰააგის სასამართლოსგან?

3 ოქტომბერი, 2017 • 2676
რა სახის დახმარებას შეიძლება ელოდონ აგვისტოს ომის მსხვერპლები ჰააგის სასამართლოსგან?

რა შეიძლება გააკეთოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) აგვისტოს ომის დაზარალებულების დასახმარებლად – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაზარალებულთა დახმარების მიზნობრივი ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, პიტერ დე ბაანი ესაუბრა.

პიტერ დე ბაანი საქართველოში პირველად იმყოფება. იგი აპირებს, თავის თანამშრომლებთან ერთად გაეცნოს სიტუაციას და თავად დაზარალებულებისგან გამოარკვიოს, რა სახის დახმარება სჭირდებათ მათ.

უცნობია ვადები, თუ როდის შეიძლება დაასრულოს ჰააგის სასამართლომ 2008 წლის აგგვისტოს ომის გამოძიება, თუმცა პიტერ დე ბაანი განმარტავს, რომ ფონდს მსხვერპლთა დასახმარებლად მუშაობის დაწყება ახლავე, გამოძიების დასრულებამდე შეუძლია.

“მსხვერპლთა დახმარების მიზნობრივი ფონდი (Trust Fund) მუშაობს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. არ არის აუცილებელი, რომ დაზარალებული წარდგეს სასამარლოს წინაშე მოწმედ, ან რაღაც კონკრეტული გააკეთოს იმისთვის, რომ მას დახმარება გავუწიოთ. ამაზე უკვე შეთანხმდა ფონდის დირექტორთა საბჭო. მაგრამ აუცლებელია, მანამდე შევხვდეთ დაზარალებულებს და გავიგოთ, რა ტიპის დახმარებაა საჭირო და მოძიებული იქნას თანხები ამ დახმარების გასაცემად. ანუ ჩვენ არ ველოდებით ბრალდებულების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას იმისათვის, რომ დახმარება გავწიოთ, ამის დაწყება ახლავე შეიძლება,”- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პიტერ დე ბაანმა,

პიტერ დე ბაანი განმარტავს, რომ თავიანთი მანდატით მსხვერპლთათვის სამი რამის გაკეთება შეუძლიათ: სამედიცინო დახმარების გაწევა, ფსიქოლოგიური დახმარება და სოციალურ-ეკონომიკური დახმარება, ანუ, ისეთი სახის დახმარების გაწევა, რაც მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში დაეხმარებათ.

“ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას სახის დახმარება სურთ თავად დაზარალებულებს,”- ამბობს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

მან ასევე განმარტა, რომ თუ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ვინმეს ბრალს წაუყენებენ და სასამართლო რეპარაციის ორდერს გამოსცემს, ამ შემთხვევაში, მაგალითად, თუ რომელიმე პირი სახლების დანგრევაში იქნება დამნაშავედ ცნობილი, მას ამ სახლების აშენების ანაზღაურება დაეკისრება. თუკი მას ეს თანხა არ გააჩნია, სასამართლომ შეიძლება გასცეს ბრძანება, რომ მან მთელი ცხოვრების განმავლობაში უხადოს ფული დაზარალებულს. ხოლო თუკი მას მომავალში გაუჩნდება ფინანსები, სასამართლოს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თანხა წლების შემდეგაც გადაახდევინოს.

თუმცა, პიტერ დე ბაანის თქმითვე, მსხვერპლი ვერ დაელოდება, თუ როდის ექნება დამნაშავეს გადახდის შესაძლებლობა და სწორედ ამისთვის არსებობს დაზარალებულთა დახმარების ფონდი.

პიტერ დე ბაანი ასევე გვეუბნება, რომ თუკი ფონდი დაზარალებულების დასახმარებლად რაიმეს გააკეთებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო პასუხისმგებლობას იხსნის – “სახელმწიფო თავის საქმეს აკეთებს და ჩვენ იმავეს არ გავიმეორებთ, სხვა რამის გაკეთება გვსურს”.

დაზარალებულის სტატუსს რომის სტატუსი განსაზღვრავს. დე ბაანის თქმით, მოცემულ შემთხვევაში, ისინი იქნებიან 2008 წლის ივლისი-ოქტომბრის თვეებში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის, ომის დანაშაულებისა და გენოციდის მსხვერპლები, რომელთაც ამ სტატუსს სასამართლო მიანიჭებს.

როგორც პიტერ დე ბაანი ამბობს, საქართველოში ეს მათი პირველი ვიზიტია და ჯერჯერობით არ აქვთ იმ ადამაინების რაოდენობრივი მონაცმები, ვისაც მსხვერპლის სტატუსი ექნება. მისივე თქმით, ფონდი მსხვერპლებთან დაკავშირებით თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან, თუმცა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებენ. მათ საქართველოს მთავრობას უკვე მიმართეს ამ ტიპის ინფორმაციის მოთხოვნით.

პიტერ დე ბაანი ამბობს, რომ დაზარალებულთა დახმარების ფონდი აფრიკაში უკვე 400 000-ზე მეტ დაზარალებულთან მუშაობს.

 

18148

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტთან დაკავშირებით ICC-ის პროკურორმა საქართველოში  წინასწარი მოკვლევა 2008 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე პროკურორმა დაასკვნა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დანაშაულებათა გამოძიება ICC-ის იურისდიციის ფარგლებში გაგრძელდეს. ამის შემდეგ ICC-ის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ 2015 წლის ოქტომბერში მიმართა წინასასამართლო პალატას გამოძიების გაგრძელების ნებართვით.  მიმართვაში მან ასევე განაცხადა, რომ  2008 წლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს შეეძლოთ სასამართლოსთვის 30 დღის ვადაში მიემართათ და წარედგინათ მოსაზრებები გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. როგორც ICC-ის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია საუბარი, 2015 წლის 4 დეკემბრისთვის წინასასამართლო პალატას 6 335 დაზარალებულის წარმომადგენელმა ან თავად დაზარალებულმა მიმართა.

წარდგენილი მოთხოვნისა და დოკუმენტების საფუძველზე მოსამართლეებმა პროკურორს გამოძიების დაწყების ნებართვა 2016 წლის 27 იანვარს მისცეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი