სახლი, სადაც ჭერი ჩამოინგრა, რამდენიმე წლის წინ თბილისში მომხდარმა მიწისძვრამ დააზიანა. ქუჩის მხრიდან მისი კედლები ხის ბოძებითაა გამაგრებული. დღეს, 1 ივნისს ფიროსმანის 9 ნომერში იმყოფებოდნენ სახანძრო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები. სახლის მეპატრონე ფატი ივანიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ იგი სოციალურად დაუცველია და სახლის სამაგრი სამუშაოები მერიამ უნდა დააფინანსოს. ფიროსმანის ქუჩაზე იმყოფებოდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, რომელიც დაზარალებულ ოჯახს დახმარებას დაჰპირდა.
“ოთხშაბათისვის დაგვიბარეს მერიაში. როგორც ამბობენ, სახლის გასამაგრებლად პროექტიც მზადდება”.
ფიროსმანის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ქუჩაზე განთავსებული თითქმის ყველა სახლი ავარიულია. ქუჩაზე სამანქანო მოძრაობა წლების განმავლობაში იყო გადაკეტილი ნგრევის საფრთხის გამო, თუმცა გასულ წელს ფიროსმანზე სამანქანო მოძრაობა აღდგა. მოსახლეობა ამბობს, რომ სამანქანო მოძრაობა მათი საცხოვრებელი სახლების მდგრადობას უქმნის საფრთხეს, ამიტომ, ისინი გზის გადაკვეტას კვლავ მოითხოვენ.












