ახალი ამბებიეკონომიკა

რა პერსპექტივა აქვს არბიტრაჟის ინსტიტუტს საქართველოში

2 ოქტომბერი, 2017 • 4002
რა პერსპექტივა აქვს არბიტრაჟის ინსტიტუტს საქართველოში

დღეს თბილისში საერთაშორისო კონფერენცია “არბიტრაჟის დღეები” გაიხსნა. ორდღიანი ყოველწლური კონფერენციის მიზანია არბიტრაჟის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის, საქართველოში განვითარება.

არბიტრაჟი ერთი ან რამდენიმე წევრისგან შემდგარი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია, “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონისა და დებულებით დადგენილი წესის მიხედვით, განიხილოს კერძო ხასიათის ქონებრივი დავა.

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მხარეთა შორის წამოჭრილ კერძო სახის ქონებრივ დავებს.

10 000 ლარამდე დავის არსებობის შემთხვევაში, არ არის აუცილებელი, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს კანონით “არბიტრაჟის შესახებ  საარბიტრაჟო დავების განხილვა შესაძლოა დაიწყოს არბიტრაჟისთვის ამ დავის გადაცემის დღესვე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საარბიტრაჟო დავის განხილვა იწყება არბიტრაჟში ამ დავის გადაცემის შესახებ შეტყობინების საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ მიღების დღეს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა ბიზნესდავებში არბიტრაჟის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ბიზნესხელშეკრულებებში დავების განმხილველ ინსტიტუტად საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი ჩნდება. 

“ამ ღონისძიების მიზანია, არბიტრაჟის, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, ცნობადობის ამაღლება ქვეყანაში. არბიტრაჟი მსოფლიოში დავების გადაწყვეტის აპრობირებული მეთოდია. ეს არის უფრო მოქნილი სისტემა. ის ბევრად შემცირებულ დროს საჭიროებს. საქართველოში ამ სისტემის მოხმარების მაჩვენებელი ჯერჯერობით მაღალი არ არის. საარბიტრაჟო სამართალწარმოების  სამიზნე ჯგუფი არის ყველა ის კომპანია, რომელსაც წარმოეშვება დავა ხელშეკრულების შესრულების დროს თავის პარტნიორთან. ამ ეტაპზე აღსრულების კუთხით მიმდინარეობს მუშაობა.

თვითონ არბიტრაჟის გამოყენება საჭიროებაზეა დამოკიდებული. ჯერ ქართული ბიზნესის მხრიდან არბიტრაჟის მოხმარება მცირეა, თუმცა ძალიან გაიზარდა ხელშეკრულებებში საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის დავების განმხილველ ინსტიტუტად ჩადების სიხშირე. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია,”- განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

კონფერენციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩარქეზიშვილიც ესწრებოდა. მისი თქმით, დავების გადასაწყვეტად არბიტრაჟს ყველაზე ხშირად ფინანსური სექტორი მიმართავს.

“ეკონომიკის განვითარებისთვის არბიტრაჟი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც არბიტრაჟის ქონა ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი, ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტორების დაცვის კუთხით. დღეს შეგვიძლია უკვე თამამად ვთქვათ, რომ საქართველოში რეგიონალური დანიშნულების არბიტრაჟი ყალიბდება. ეკონომიკის სამინისტრო არბიტრაჟს განიხილავს როგორც საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობის კუთხით და უცხოურ ინვესტორებთან ურთიერთობაში,”-აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

კონფერენციას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის თავმჯდომარე მზია თოდუაც ესწრებოდა. მზია თოდუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საარბიტრაჟო დავებში მნიშვნელოვანია, ამ სისტემის მიმართ ნდობა არსებობდეს.

“არბიტრაჟი ეს არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზა. არბიტრაჟის განსავითარებლად საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და შემდეგ მისი მოქმედებაში მოყვანა. ამ თვალსაზრისით აუცილებელია ინფორმირებულობა, მეორე- ნდობა არბიტრებისა და ზოგადად არბიტრაჟული პროცესების მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცედურები დაცული არ იქნება, სასამართლო, რომელიც სააღსრულებო სასამართლოს როლში გამოდის, ასეთ გადაწყვეტილებას არ ცნობს და, ბუნებრივია, არ აღსრულდება,”- ამბობს მზია თოდუა.

მასალების გადაბეჭდვის წესი