ახალი ამბები

დავითაშვილი: შრომის კოდექსის პროექტი ივანიშვილის საარჩევნო დაპირებას ეწინააღმდეგება

31 მაისი, 2013 • • 1055
დავითაშვილი: შრომის კოდექსის პროექტი ივანიშვილის საარჩევნო დაპირებას ეწინააღმდეგება

საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები  შრომის კოდექსის ახალ ვარიანტში არსებულ რამდენიმე სადავო მუხლზე  ვერ თანხმდებიან. კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც სადავო მუხლებს განიხილავს. სამუშაო ჯგუფში კომიტეტის წევრებთან ერთად მთავრობისა და სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებიც იქნებიან. აღნიშნული ჯგუფი მუშაობას, სავარაუდოდ, მომავალი სასესიო კვირიდან დაიწყებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ „შრომის კოდექსი“, რომელზეც პარლამენტი მუშაობს, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო დაპირებას ეწინააღმდეგება:

 

“48-საათიანი სამუშაო კვირა, 8- საათიანი სამუშაო დღის ნაცვლად, ცხრასაათნახევრიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. ეს მუხლი ამოღებული უნდა იქნას. გარდა ამისა, ბიზნესს, რომელიც ჯერ არ არის 4 წლის, დაქირავებულთან ერთდღიანი ან ერთთვიანი ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია ყოველგვარი მოვალეობების გარეშე. ეს არაა სწორი. ასევე, დაუყოვნებლივ ამოღებული უნდა იყოს სხვა ობიექტური პირობებით სამსახურიდან გათავისუფლების მუხლი. ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დაპირება არ იყო დაქირავებულის უფლებების შეზღუდვა. ივანიშვილი თავის შუშის სასახლეში ეძახის ბიზნესმენებს და დამქირავებლის პრობლემებზე საუბრობენ, დაქირავებულთან შეხვედრა კი არავის ახსენდება.”

შეგახსენებთ, რომ 30 მაისის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა შრომის კოდექსი მეორე მოსმენით ცხრა სადავო მუხლის გარეშე მიიღეს. სადავო მუხლები ზეგანაკვეთურ შრომის ანაზღაურებას, შრომით კონტრაქტებსა და დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების სხვა ობიექტურ გარემოებებს შეეხებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი