მედიისთვის დახურულ შეხვედრას, დეპუტატების გარდა, აღნიშნულ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, შოთა მალაშხიას თქმით, საუბარი სოფელ დიცსა და პერევში არსებულ ვითარებაზე იყო:
“საკმაოდ რთული მდგომარეობაა. ოკუპაცია გრძელდება. ამას კომპლექსული მიდგომები სჭირდება. ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ჩართვა და გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა ჰქონდეს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ აღკვეთოს ეს პროცესები. ასევე, საუბარი იყო არასამთავრობო ორგანიზაციები თავისი გამოცდილებით როგორ იქნას გამოყენებული იმ ხიდების ასაგებად, რომელიც რეალურად არსებობს ყველა ეთნოსს შორის, ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის. ვისაუბრეთ ოკუპაციის ხელშემშლელ ფაქტორზე. პერევში, დიცსა და დვანში ერთი და იგივე პროცესი მიდის. ცხადია, ამ ოკუპაციის ხაზის გადმოწევის მცდელობა, მცოცავი ანექსიის მცდელობაა.”
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კომიტეტი სისტემატიურად განიხილავს ე.წ. კონფლიქტურ სოფლებში არსებულ მდგომარეობას, მათ რეალური შედეგი არ მოჰყოლია.
„უგზოობა, გაზის მილების არარსებობა, სარწყავი სისტემის ნაკლებობა და საძოვრების ნაკლებობა, ეს ის ჩამონათვალია, რომელიც ე.წ. კონფლიქტურ სოფლებში ყველა ოჯახს აწუხებს. მე კომიტეტზე განვაცხადე, რომ ვიდრე საგარეო საქმეთა მინისტრი არ გვეტყვის, რეალურად რა ხდება კონფლიქტის რაიონში, ოკუპანტი რუსეთი მავთულხლართებს ამონტაჟებს თუ არა ქართველების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ასევე, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ შეიმუშავებს ერთობლივ პროექტს ამ ტერიტორიებზე პრობლემების მოსაგვარებლად, მანამ ეს პრობლემები გადაუწყვეტი დარჩება.”
აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბრალდებებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს, რაც არ გამოუვა:
„ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს პრობლემის გადაჭრის გზები უკვე დაასახელა. პრემიერმა ამ საკითხებზე გუშინდელ მთავრობის სხდომაზეც ისაუბრა. ივანიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ინფრასტუქტურის, სოფლისა და რეინტეგრაციის სამინისტროებს უკვე დაავალა დროული რეაგირება აღნიშნულთან დაკავშირებით. ასე რომ, მალაშხიას ხელისუფლების მიერ მოგვარებულ პრობლემებზე თავად სურს პოლიტიკური ქულების დაწერა.”