ახალი ამბები

უსუფაშვილის პასუხი ილიაუნის ლექტორებს

30 მაისი, 2013 •
უსუფაშვილის პასუხი ილიაუნის ლექტორებს

დავით უსუფაშვილის თქმით, დღეს მის სახელზე ილიას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების წერილი შევიდა, რომელშიც ისინი წერდნენ, რომ უნივერსიტეტის სტატუსი კერძო სამართლის იურიდიული პირიდან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე არ გადაიყვანონ. უსუფაშვილი აცხადებს, რომ ისინი ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა:

 

“ასამდე პროფესორ-მასწავლებელი აწერს წერილს ხელს. ისინი გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ თუ უნივერსიტეტის სტატუსი მომავალში შეიცვალა, მაშინ საფრთხე ექმნება მათ უვადო კონტრაქტებს და მათი შრომის პირობები გაუარესდება. მე ვადასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემას პროფესორ-მასწავლებლებისადმი, მესმის მათი შეშფოთება, მაგრამ ნამდვილად არ მესმის იმ ადამიანების, ვისაც შეცდომაში შეჰყავს ეს პატივსაცემი ხალხი.”

 

უსუფაშვილი აცხადებს, რომ სტატუსის ცვლილება შრომით ურთიერთობებზე არანაირ გავლენას არ იქონიებს:

 

“ჯერ ერთი, უმაღლეს სასწავლებელში დასაქმებული პირების სტატუსი და ასე ვთქვათ, მათი თანამდებობის დაკავების პირობები და ვადები, არის არა საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონის, არამედ უმაღლესი განათლების შესახებ კანონის საქმე და მეორე, იმ შრომის კოდექსის საქმე, რომელზეც ჩვენ ვმსჯელობთ და სულ ცოტა ხანში მივიღებთ და სწორედ ამ კოდექსით ჩვენ ბოლოს ვუღებთ იმ მახინჯ პრაქტიკას, რაც აქამდე იყო შრომით ურთიერთობებში. ასე, რომ მინდა ვთქვა, რომ სტატუსის ცვლილება მათ არ დააზარალებს, პირიქით, ჩვენ მდგომარეობის გაჯანსაღებაზე ვმუშაობთ და კიდევ ერთხელ მოვმართავ ყველას, რომ თავი შევიკავოთ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან და უსაგნო აჟიოტაჟის შექმნისგან.”

მასალების გადაბეჭდვის წესი