ახალი ამბები

ნარმანია: ოპოზიცია ძალიან არასასურველად იქცევა

29 სექტემბერი, 2017 • 1564
ნარმანია: ოპოზიცია ძალიან არასასურველად იქცევა

“ოპოზიცია ძალიან არასასურველად იქცევა”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს დედაქალაქის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებსა და დაპირისპირებას.

“მესმის, რომ წინასაარჩევნო კამპანიაა და ხმები სჭირდებათ, თუმცა არ მგონია, რომ ასეთი საქციელით მათ ხმებს ერთი მაინც დაემატოს. ვერ მოვისმინე კონკრეტული არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა გაკეთდეს ქალაქში მიწისქვეშა მრავალსართულიანი [ავტო] სადგომი, მოვუწოდებ, რომ შეეშვან ასეთ ქცევას და მისცენ საკრებულოს მუშაობის საშუალება”, – განაცხადა ნარმანიამ.

დღეს, 29 სექტემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა თაბორის მთაზე 4700 მ2 ფართობის მიწისთვის რეკრეაციული სტატუსის მოხსნას”თაბორი რიზორთსის” სასარგებლოდ.

საქმე ეხება 40 000 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც უნდა აშენდეს სასტუმროს შენობა გოლფის მოედნებით.

 

დღესვე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პუშკინის სკვერთან, პანორამა თბილისის სასტუმროს მიმდებარედ მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალა.

საკრებულოს სხდომაზე 25-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა სტატუსის შეცვლას, ხოლო 3 დეპუტატი წინააღმდეგ წავიდა.

სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ალეკო ელისაშვილმა, მარინა დათუკიშვილმა, სევდია უგრეხელიძემ და შორენა ბუხრაშვილმა.

სხდომის დაწყებამდე იყო დაპირისპირება. ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატები, ზაალ უდიმაშვილი და ელენე ხოშტარია ეწინააღმდეგებოდნენ საკითხის განხილვას, რის გამოც მოხდა დაპირისპირება.

საქმე ეხება 1946 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთს, სადაც უნდა აშენდეს რამდენიმედონიანი ავტოსადგომი, რომელიც სავარაუდოდ, 30 მანქანაზეა გათვლილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი