დღეს, 30 მაისს გამართულ ბრიფინგზე დოლიძემ ევრონესტის საპარალმენტო ასამბლეის მესამე პლენარული სესიის შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს დელეგაციამ კომიტეტებზე, ბიუროზე და სხდომაზე ყველა საკითხი წარმატებით გაიტანა. დოლიძემ განსაკუთრებული მნიშვნელობა ევროპის სახალხო პარტიის მიერ ინიცირებული რეზოლუციის არგასვლას მიანიჭა:
“28 მაისს ევროპის სახალხო პარტიამ ბიუროს სხდომაზე მხარდასაჭერად გამოიტანა რეზოლუცია. რეზოლუციის კონკრეტულ საგანგებო პუნქტში ეწერა, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალია და ამის მაგალითი ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებაა, თუმცა მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს. სესიაზე კი ჩავარდა პოლიტიკური რეზოლუციის ტექსტში ჩანაწერი ვანო მერაბიშვილსა და შერჩევით სამართალზე საქართველოში. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ აღნიშნული გადაწყვეტილებით განაცხადა, რომ ისინი მხარს არ უჭერენ იმ პათოსს, თითქოს საქართველოში ადგილი აქვს შერჩევითი სამართლის რეჟიმს“.
ვიქტორ დოლიძემ მოსახლეობას, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საწინააღმდეგო ჩანაწერის არმიღება მიულოცა. მისი თქმით, ეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო და შეასრულეს კიდეც:
“საქართველოს ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით გავიდა ენერგო უსაფრთხოების რეზოლუცია. აღნიშნულ საკითხზე მომხსენებელი დავით ონოფრიშვილი იყო. “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ევრონესტში წარმოდგენილები იყვნენ: გიორგი მელაძე, დავით დარჩიაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე. დოლიძემ განაცხადა, რომ მათ ვერ მოახერხეს ევროპის დარწმუნება იმაში, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა ხორციელდება.”