ახალი ამბები

სუბარი: არ შეიძლება ამხელა ციხეები ისე მართო, თუ ბაჩოს მეთოდებს არ გამოიყენებ, ბაჩოს მეთოდები კი არ გვინდა

29 მაისი, 2013 •
სუბარი: არ შეიძლება ამხელა ციხეები ისე მართო, თუ ბაჩოს მეთოდებს არ გამოიყენებ, ბაჩოს მეთოდები კი არ გვინდა

სუბარის თქმით, ციხეებში “მაყურებლები” იყვნენ ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროსაც და ახლაც არიან:

 

“ჩემი მინისტრად დანიშვნიდან ორ კვირაში ქსანში 5 თანამშრომელი გავათავისუფლეთ იმის გამო, რომ მაყურებლებთან იყვნენ შეკრული. ჩემი მინისტრად დანიშვნიდან მესამე დღეს რუსთავის ციხეში არეულობა პირდაპირ უკავშირდებოდა იმას, რომ მაყურებლებს გამოვუცხადე ბრძოლა. იმ ეტაპზე ეს ბრძოლა წარმატებით ვერ დამთავრდა სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოებამ მაყურებლების მხარე დაიკავა ისე, რომ არ იცოდა, მაყურებლების თამაშს რომ წამოეგო. მაშინ ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ახალდანიშნულმა ციხის უფროსმა აბურჯანიამ ორ მაყურებელს უთხრა, ბაჩოს დრო მოგენატრებათო.

 

სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი

საზოგადოებამ ამაზე ხმაური ატეხა, ციხის უფროსმა როგორ გაბედა ამის თქმაო. დღეს იგივე საზოგადოება ყვირის, ციხეში მაყურებლები ისევ არიანო… ჩემი თანამშრომლები რამდენიმე კვირის წინ ავსტრიაში იყვნენ იქაური გამოცდილების გასაზიარებლად. ქალაქ გრადში არის მაღალი უსაფრთხოების ციხე, სადაც 300-მდე კაცია და მათში 6 ქართველია. იცით, რა ქნეს ქართველებმა? მაყურებლებად დასხდნენ და “ობშჩიაკს” კრეფენ. რამდენიმე რუსი ე. წ. “პეხოტად” ჰყავთ, რომლებიც მათ დავალებებს ასრულებენ. ციხის უფროსი გადარეულია, ამათ ვერაფერი მოვუხერხეო. ეს ხდება მაღალი უსაფრთხოების ციხეში, სადაც მხოლოდ სამასი პატიმარია და მე როგორ უნდა გავაკეთო ეს უცბად ჩვენს ციხეებში? არ შეიძლება, ამხელა ციხეები ისე მართო, თუ ბაჩოს მეთოდებს არ გამოიყენებ. ბაჩოს მეთოდები კი არ გვინდა, რადგან ვიცი, დანაშაულს დანაშაულით ვერ შეებრძოლები. როდესაც დამთავრდება ციხის მშენებლობა ლაითურში, ბევრად გამართული ვიქნებით წელში”, – აცხადებს სოზარ სუბარი. 

 

მისივე თქმით, გეგუთის ციხეში პატიმარი ცემის შედეგად გარდაიცვალა და არა კიბეზე დაგორების შედეგად:

 

“ჩვენმა პრესსამსახურმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ეს პატიმარი კიბეზე დაგორდა. პრესცენტრის თანამშრომელი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის დაისჯება. გამოკვლეულია, რომ ეს პატიმარი ცემის დროს დაშავდა. დადგენილია იმ პატიმრის ვინაობა, ვინც მის ცემაში მონაწილეობდა. ზოგი სვამს კითხვას, რატომ გახდა შესაძლებელი, რომ ერთ პატიმარს მეორისთვის სასიკვდილოდ ეცემაო. გეგუთის დაწესებულებაში 2 ათასი პატიმარია 6 კორპუსში. ეზო კი რამდენიმე ჰექტარია. ყოველი მონაკვეთის ისეთი გაკონტროლება შეუძლებელია, რომ თუ პატიმრები შეკამათდებიან, ზედამხედველებმა მაშინვე მიუსწრონ. 

თანავუგრძნობ პატიმრის ოჯახს და ვპირდები, ეს საქმე გამოძიებული იქნება, დაისჯებიან ადმინისტრაციის ის თანამშრომლებიც, ვინც ყურადღება ვერ მიაქციეს ამ ამბავს”, – აცხადებს სუბარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი