კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, „კანონპროექტის თანახმად, თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიიდან 2500 ჰექტარი აღკვეთილ რეჟიმში გადადის. ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ამის მიზეზი ადგილობრივი მეცხვარეების პრობლემაა:
“ჩვენ მოვაგვარეთ პრობლემა, რომელიც 10 წლის მანძილზე ვერ წყდებოდა და მუდმივი კონფლიქტის წყარო იყო. მოგეხსენებათ, ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს საძოვრების გარკვეულ ნაწილს, რომელიც თავის დროზე, 2003 წელს ჩაირიცხა ნაკრძალის ტერიტორიებში. იქ ადგილობრივი მწყემსები აძოვებდნენ ყოველთვის უკანონოდ, ჩვენი ასეთი კანონის გამო, რადგან იქ ძოვება არ შეიძლება. ჩვენ შევუცვალეთ დაცვის რეჟიმი ამ ტერიტორიას, ნაკრძალიდან გადმოვიდა აღკვეთილში 2500 ჰექტარი მიწის ფართობი ალპური საძოვრები, იქ შეუძლიათ უკვე მწყემსებს შეიყვანონ ფარები, ოღონდ იმის შემდეგ, რაც გააფორმებენ საიჯარო ხელშეკრულებებს დაცული ტერიტორიების ეროვნულ სააგენტოსთან, სააგენტოს გაუჩნდება დამატებითი შემოსავლის წყარო.”
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ტერიტორიაზე მიწის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობაც დაიწყება:
“როცა ნაკრძალის რეჟიმი მოქმედებს, იქ ჩარევა გარედან აღდგენის თვალსაზრისით, გაუმჯობესების თვალსაზრისით ძალიან რთულია. ახლა, აღკვეთილის პირობებში ჩვენ შეგვიძლია იქ გადახვნითი სამუშაოები ვაწარმოოთ, იქ ეროზიებია დაწყებული მიწის უკანონო და უთავბოლო ძოვების შედეგად. გადავხნათ ეს ტერიტორიები, დავიცვათ. ძოვების სეზონი არის მხოლოდ 3 თვე, დანარჩენი თვეები იქ შესაბამისი ბუნების აღდგენითი სამუშაოები განხორციელდება, რომ უკვე შემდეგი სეზონისთვის ეს მიწა იყოს ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე, შეასრულოს ორივე ფუნქცია, გარემოს დაცვითი ფუნქცია და ის ფუნქცია, რომელიც ჩვენ ახლა მას დავაკისრეთ.”
ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ამას ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატიც მოითხოვდა:
“ეს იყო, ასევე, ლაგოდეხის მაჟორიტარის მოთხოვნა, მასთან ერთად ჩვენ ვიმუშავეთ ამ ორი თვის მანძილზე, ასევე ვიმუშავეთ დონორებთან, გერმანელ პარტნიორებთან ერთად, რომელთა უშუალო ფინანსური დახმარების მეშვეობით არის შექმნილი ეს დაცული ტერიტორია. მათი ნებართვით ხდება სწორედ ამ ცვლილებების განხორციელება კანონში, რომელიც ყველას წაადგება, როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ასევე ლაგოდეხის მოსახლეობას.”