საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძი ამტკიცებს, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში აყვანის ერთ-ერთი მიზეზი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საპრეზიდენტო არჩევნებში ხელის შეშლაა:
„პარლამენტის თავმჯდომარემ უმცირესობის წევრებს ამიტომ არ მისცა მერაბიშვილის საპყრობილეში მონახულების ნებართვა. თუ ვანო მერაბიშვილთან კონტაქტი შედგება, მაშინ, ბუნებრივია, ხელის შეშლის ეფექტი ნაკლები იქნება. რაც შეეხება მერაბიშვილისათვის ბრალის დამძიმებას, პროკურატურა ხალხის გასაგონად ერთს ამბობს და სასამართლოზე – მეორეს. პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადებები მხატვრული ლიტერატურაა, რომ ადამიანების გონებაზე იმოქმედონ და დამნაშავის ხატი შექმნან“.
მისივე თქმით, როდესაც ვითარება სტაბილური გახდება, პარტია ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომლის შეცვლა არ დასჭირდება:
„არ გამოვრიცხავ ვანო მერაბიშვილი იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი. არ ვჩქარობთ. როდესაც პროცესები შეუქცევად სახეს მიიღებს, მას შემდეგ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომლის შეცვლა არ მოგვიწევს, როგორც ეს ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ახასიათებს. დილით გაკეთებულ განცხადებებს შუადღეზე უარყოფს და საღამოს საერთოდ ცვლის.”