ახალი ამბები

ქეთევან დედოფლის ნეშტი სამებაში – შეფასებები და ერთკაციანი აქცია [ფოტო/ვიდეო]

24 სექტემბერი, 2017 • 7639
ქეთევან დედოფლის ნეშტი სამებაში – შეფასებები და ერთკაციანი აქცია [ფოტო/ვიდეო]

ქეთევან დედოფლის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარშია. რამდენიმეწლიანი მზადების შემდეგ, დედოფლის სხეულის ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში 23 სექტემბერს ჩამოიტანეს, დღეს კი სამებაში განათავსეს. წირვის შემდეგ, საკვირაო ქადაგებისას საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე მრევლს ფაქტის მნიშვნელობაზე ესაუბრა და როგორც ქართულ, ისე ინდურ მხარეებს პროცესში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. წირვას მრევლთან ერთად საქართველოს კულტურის მინისტრი, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ინდოეთში საქართველოს ელჩი ესწრებოდნენ. ტაძარში იმყოფებოდა ინდური დელეგაციაც.

„ჩვენ საკმაოდ რთული გზა გავიარეთ იმისთვის, რომ ამ შედეგისთვის მიგვეღწია. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკება ინდოეთის მხარესთან. ინდოეთის კანონმდებლობით აკრძალულია ამ ტიპის რელიქვიების საზღვრებს გარეთ გატანა, თუმცა, მოლაპარაკებების შედეგად, ქვეყანამ დაუშვა წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამოტანის შესაძლებლობა, რის გამოც დიდ მადლობას ვუხდით მათ“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორთლაძემ.

ქეთევან დედოფლის ნეშტის საქართველოში დროებით დაბრუნების მნიშვნელობაზე ინდოეთში საქართველოს ელჩმა, არჩილ ძულიაშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ინდურ მხარესთან თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება.

„მრავალი წლის განმავლობაში მინდინარეობდა მოლაპარაკებები და საბოლოოდ, 2016 წელს მოხერხდა შეთანხმების მიღწევა ინდურ მხარესთან, რის შემდეგაც გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება ჩვენს მთავრობებს შორის. ამის შემდეგ დაიწყო პროცესი წმინდა ნაწილების საქართველოში გადმოტანისა. რაც შეეხება ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას, ამ ეტაპზე წმინდა  ნაწილების ჩამობრძანება დიდი მიღწევაა. დანარჩენი დამოკიდებული იქნება ჩვენს ორმხრივ, შესანიშნავ ურთიერთობაზე ინდოეთის მხარესთან“.

ქეთევან დედოფლის ნეშტი სამებაში

ქეთევან დედოფლის ნეშტი სამებაში 24/09/17 ფოტო: საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო

ქეთევან დედოფლის ნეშტის 6 თვით დაბრუნება საქართველოში მთავრობას 343 310 ლარი დაუჯდა. ფაქტს კრიტიკა მოჰყვა საზოგადოების ნაწილის მხიდან, რომელიც სხეულის ნაწილების სამშობლოში დროებით დაბრუნებაზე ასობით ათასი ლარის დახარჯვას გაუმართლებლად მიიჩნევს. „ნეტგაზეთმა“ არჩილ ძულიაშვილს ამ მოსაზრების შეფასებაც სთხოვა. მისი თქმით, ფაქტი „ყველა ქართველის სურვილს წარმოადგენდა“ და არ ესმის, რატომ უნდა დაისვას კითხვები აღნიშნულთან დაკავშირებთ.

„ამას როგორ შეიძლება ვუპასუხო? ეს არის ალბათ ყველა ქართველისთვის, ქართული საზოგადოებისთვის უდიდესი პატივი, რომ 400 წლის შემდეგ წამებული დედოფლის წმინდა ნაწილები დაუბრუნდა საქართველოს. ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი და გამოხატვის თავისუფლება. ესაა უდიდესი მისია, რომელიც შეასრულა საერო და სასულიერო ხელისუფლებამ. რა უნდა ვიპასუხო, რა გითხრათ? თანხები დავითვალოთ თუ რა უნდა გავაკეთოთ? ამაზე ჩვენ ალბათ კითხვებს არ ვსვამთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, თავისი აზრი ყველას აქვს“, – აღნიშნა ელჩმა.

საკათედრო ტაძარში მიმდინარე წირვის პარალელურად, ადგილზე ერთკაციანი აქციაც გაიმართა. „სული ზეცას, ძვალი მიწას“ – ამ შინაარსის პლაკატით მოქალაქე თემურ დარახველიძე სამების ეზოში რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა. მან თავი რეფორმატორ მართლმადიდებლად წარადგინა და აღნიშნა, რომ სხეულის ნაწილების თაყვანისცემა კერპთაყვანისმცემლობაა. მოგვიანებით მას კიდევ ერთი მოქალაქე შეუერთდა.

ქეთევან დედოფლის ნეშტი სამებაში 24/09/17 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ქეთევან დედოფლის ნეშტი სამებაში 24/09/17 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

„აქცია ტარდება იმისთვის, რომ საზოგადოების რაც შეიძლება დიდმა ნაწილმა გაიგოს, რომ ძვლების თაყვანისცემა არის წარმართული თაყვანისცემა, წარმართული წესი. ძვლები რაც შეიძლება მალე უნდა დაიმარხოს და ქრისტიანული წესით დავასაფლაოთ მიწაში. ძვალი მიწას და სული ზეცას – ეს არის სახარებისეული ჭეშმარიტება“, – განაცხადა თემურ დარახველიძემ „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

„გიჟებს ქვის სროლას ვერ დაუშლი“, – ასე გამოეხმაურა ზემოაღნიშნულ მოსაზრებას სამების არქიმანდრიტი გრიგოლ აბაშიძე, რომელსაც „ნეტგაზეთმა“ მოქალაქის პოზიციის შეფასება სთხოვა.

„როცა ხე არის ნაყოფიერი, იმას ქვის მსროლელი არ დაელევა. ქვასაც იმიტომ ისვრიან, რომ ნაყოფი ჩამოვარდეს და მერე თვითონ შეჭამონ. ეს ქრისტიანობაა. ქრისტიანობას მტერი არ გამოელევა, მაგრამ ბოლოში ვერ გავლენ. როგორ შეიძლება კერპთაყვანისმცელობა უწოდო იმას, რაც დღეს ხდება? ეგეთი ხალხი ჩვენს რწმენას უფრო ამყარებს“, – თქვა სასულიერო პირმა.

ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში 6 თვის განმავლობაში დარჩება. მსურველებს მათი ნახვა სამების საკათედრო ტაძარში 25 ოქტომბრის 13:00-მდე შეეძლებათ, რის შემდეგაც ნეშტს ალავერდის ეკლესიაში გადაიტანენ. მომდევნო თვეების განმავლობაში ის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა ეპარქიაში იმოგზაურებს, რის შემდეგაც კვლავ ინდოეთში დაბრუნდება.

ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევან მუხრანბატონი (დაახლოებით 1570-1624), რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, 1624 წელს ირანის ქალაქ შირაზში შაჰ-აბასის ბრძანებით წამებით მოკლეს, რადგან უარი თქვა სარწმუნოების შეცვლაზე.

ისტორიული წყაროების მიხედვით, დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი ფარულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში წაიღეს დასაკრძალად. მოგვიანებით, მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოიტანეს, სადაც 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა.

2013 წელს ჟურნალმა ARCHEOLOGY–მ გაავრცელა განცხადება, რომელიც ამტკიცებდა, რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ–ის ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი