ახალი ამბები

ნიკა გვარამიას პროცესზე პროკურატურამ ერთი მოწმე წარმოადგინა

27 მაისი, 2013 • • 2174
ნიკა გვარამიას პროცესზე პროკურატურამ ერთი მოწმე წარმოადგინა

მოწმეს კითხვები მხოლოდ პროკურორმა დაუსვა. მოწმემ, ძირითადად, ისაუბრა “თელასის” და “ხრამჰესი 1”, “ხრამჰესი 2”-ის შემოწმების შეასხებ. 

 

მოწმის თქმით, 2012 წლის სექტემბერში გაიცა შემოწმების ბრძანება, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის ჯაბა ებანოიძის მიერ. შემოწმება ერთ თვეში შეწყდა.

 

ნიკა გვარამიას ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, უკვე მეოთხე სხდომაა შემოსავლების სამსახურის მოწმეები იკითხებიან, რომელებიც ერთსა და იმავეს აცხადებენ.

 

ამასთან დაკავშირებით სასამართლოს თხოვნით მიმართა თავად ნიკა გვარამიამ: “დღეს პროკურატურამ მოიყვანა ერთი მოწმე, რომელიც არ მგონია, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროა. ჩვენ მასთან საერთოდ არ გვქონია შეკითხვები. მოვუწდებ მეორე მხარეს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდოს პროცესს. ჩვენ არ განვიცდით ბედნიერების წუთებს აქ მოსვლით. ჩვენ გვაქვს სამუშაო დღე, ოჯახები. ამიტომ ვთხოვ მეორე მხარე პასუხისმგებლობით მოიქცეს,” – განაცხადა გვარამიამ სასამართლო პროცესზე, რის შემდეგაც მოსამართლემ სთხოვა პროკურატუას, რომ შემდეგ პროცესზე მეტი მოწმე მოიყვანოს.

 

დღეს სასამართლო პროცესი ამით დასრულადა და მომდევნო სხდომა 2013 წლის 11 ივნისს ჩაინიშნა.  

 

“რუსთავი 2″–ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი 2012 წლის 21 დეკემბერს სისხლის სამართლის 4 მუხლის მიხედვით წაუყენა: 338–ე მუხლი – ქრთამის აღება, 194–ე მუხლი – ფულის გათეთრება, 210–ე მუხლი – ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება, 362–ე მუხლი – ყალბი დოკუმენტების დამზადება–გამოყენება და ცრუმეწარმეობაში დახმარება. 

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ნიკა გვარამია იყო საქართველოს ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის ნდობით აღჭურვილი პირი “კონკრეტული დანაშაულებრივი სქემის შემუშავებისა და განხორციელებისათვის”, რომლის შედეგადაც მას 1 მილიონი აშშ დოლარის ქრთამი უნდა აეღო “ინტერ რაოსგან”.

 

გამოძიების ცნობით, სწორედ გვარამიამ შეაქმნევინა მის მეგობარს – გიორგი ნემსიწვერიძეს შპს „ელენდეფ სერვისი“ 2012 წლის 26 ივლისს, ხოლო შემდეგ ამ ფირმის ანგარიშზე ჩაირიცხა ფულადი თანხები, ჯამში, 1 მილიონი აშშ დოლარი, „ინტერ რაო ესის“ კუთვნილი ენერგოკომოპანიებიდან – სს “ხრამჰესს 1,”  “ხრამჰესი 2”, ასევე “ მტკვარი ენერგეტიკი ”–დან და „თელასიდან“.

 

გამოძიების ცნობით, 2012 წლის 30 აგვისტოს გ. ნემსიწვერიძემ, გვარამიას დავალებით, „ელენდეფ  სერვისის“ საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებული თანხები საფულე ჩეკის მეშვეობით გამოიტანა და გადასცა ნიკა გვარამიას.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შპს “ელენდეფ სერვისის” დოკუმენტები საჯარო რეესტრიდან სასამართლოს 2012 წლის 16 ნოემბრის შესაბამისი განჩინების საფუძველზე ამოიღო.

 

გვარამიას გარდა, აღნიშნულ საქმეში ფიგურირებენ ალექსანდრე ხეთაგური, გიორგი ნემსიწვერიძე, ასევე, შპს „გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენი“-ს წარმომადგენლები კახა დამენია და იზაბელა გუტიძე და “თელასის” გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი