ახალი ამბები

რა ხდებოდა დედაენის ბაღში გამართულ ორ აქციაზე [VIDEO]

25 მაისი, 2013 •
რა ხდებოდა დედაენის ბაღში გამართულ ორ აქციაზე [VIDEO]

24 მაისის კონტრაქციის მონაწილეებმა, რომლის ორგანიზატორიც საზოგადოებრივი მოძრაობა “ეროვნული ფრონტი” იყო, დედაენის ბაღთან შეკრება 17:00 საათიდან დაიწყეს. მათ აქციის გამართვა დედაენის ბაღში სურდათ, თუმცა იქ მობილიზებულმა ასობით სამართალდამცველმა ამის საშუალება არ მისცა. აღნიშნული კონტრაქციის მონაწილეები იძულებულები გახდნენ დედაენის ბაღის შესასვლელთან განლაგებულიყვნენ, თუმცა პოლიციამ იქაც ბლოკირება გაუკეთა და 19:00 საათზე დაგეგმილი მეორე აქციის, “არა თეოკრატიას” მონაწილეებთან შეხვედრის საშუალება არ მისცა.

 

კონტრდემონსტრანტები ამბობდნენ, რომ ისინი “ლგბტ პროპაგანდას” აპროტესტებდნენ. აქცია რამდენიმე საათშის დასრულდა ისე, რომ რაიმე სახის ინციდენტი არ მომხდარა. კონტრდემონსტრანტები დედაენის ბაღში მიმდინარე მეორე აქციაზე მიმავალ ადამიანებს შეძახილებითა და სტვენით ხვდებოდნენ. მათ მეორე აქციის ორგანიზატორად უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია გამოაცხადეს. 

 

 

კონტრაქციის მონაწილეებმა დაახლოებით 19:30 წუთზე, პოლიციის დამცავ ჯებირებისკენ გადაინაცვლეს და დედაენის ბაღში შეღწევა სცადეს. სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. კონტრმომიტინმგეებს ამის შემდეგ დედაენის ბაღში შეღწევა აღარ უცდიათ. 

 

აქციის “არა თეოკრატიას” მონაწილეებმა დედაენის ბაღში 19 საათის შესრულების შემდეგ დაიწყეს შეკრება. ისინი დედაენის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილი. აქციას კონტრაქციისგან განსხვავებით არ ჰყავდა სიტყვით გამომსვლელები. 

 

აქციაზე მისული ადამიანები აპროტესტებდნენ 17 მაისს თავისუფლების მოედანზე მომხდარ ძალადობას, რომელიც კონტრმომიტინგეების მიერ ანტიჰომოფობიური აქციის დაშლას მოჰყვა. ნეტგაზეთის გამოკითხული ადამიანები სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნას მოითხოვენ და მიაჩნიათ, რომ უმაღლესი კანონი რესპუბლიკის კონსტიტუციაა, რომელიც ყველა ადამიანის უფლებას თანასწორად იცავს. 

 

ორივე აქცია 20:30 წუთზე დაიშალა. აქციის “არა თეოკრატიას” მონაწილეები პოლიციის მიერ მომზადებული კორიდორიდან დაიშალნენ, ისე რომ კონტრმომიტინგეებთან შეხება არ ჰქონიათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი