გამოძიების ცნობით, “მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ვახტანგ ყიფშიძის დახმარებით, ორგანიზებულ – დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა ცეზარ ჩოჩელმა, ლუხუმ კაპანაძემ, მერაბ ყუფუნიამ და შპს „ნიუ ენერჯის“ დამფუძნებელმა ნიკოლოზ შაქარიშვილმა, 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ დევნილთა (წეროვანში, ფრეზეთსა და წილკანში) განსახლებისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 76 140 000 ლარიდან, ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობის ხელოვნურად გაზრდის გზით, 7 551 657 ლარი მიითვისეს.”
გამოძიებით ინფორმაციით, საქართველოს მაგისტრალური გაზსადენი სისტემის, ასპინძა-ახალქალაქის 30 კილომეტრიან მონაკვეთზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის, „ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ ხელშეკრულება გააფორმა შპს „ნიუ ენერჯისთან“:
“მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ღირებულება შეადგენდა 10 000 000 ლარს, სამუშაოების ხელოვნურად გაზრდის გზით, „ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ „ნიუ ენერჯის“ გადაურიცხა 17 700 000 ლარი. რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა 6 038 847 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.