ახალი ამბები

გარდაცვლილი პატიმრის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს

24 მაისი, 2013 • 1818
გარდაცვლილი პატიმრის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს

“გეგუთის #14 დაწესებულებაში 16 მაისს იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის რწმუნებულები, რომლებიც გაესაუბრნენ მსჯავრდებულებს და სამედიცინო პერსონალს, ასევე, დაათვალიერეს დაწესებულების ტრავმების ჟურნალი, სადაც მითითებულია, რომ მსჯავრდებული ლ.კ. სამედიცინო ნაწილში გადაიყვანეს დაწესებულების მე-6 კორპუსიდან 2013 წლის 12 მაისს, 22.50 სთ-ზე. მას აღენიშნებოდა „თვალბუდის და შუბლის არეში დაჟეჟილობა სისხლდენის გარეშე. “ცნობიერება დაბინდული, კითხვებზე არ რეაგირებდა. სავარაუდო დიაგნოზი – თავის ტრავმა.“ მედპერსონალის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მსჯავრდებულს ადგილზე აღმოეჩინა პირველადი დახმარება, გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ლ.კ. გადაიყვანა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში,” – ნათქვამია განცხადებაში, რომესაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ გუშინ ორი განცხადება გაავრცელა აღნიშნული ფაქტის თაობაზე. პირველ განცხადებაში მითითებული იყო, რომ მსჯავრდებული ლ.კ. კიბიდან დაგორდა და ამის შედეგად მიიღო ტრავმები, რის შემდეგაც ის, 23 მაისს გარდაიცვალა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში. მოგვიანებით, სამინისტრომ ინფორმაცია შეასწორა და მიუთითა, რომ ლ. კ.-მ დაზიანებები პატიმრებს შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად მიიღო. ეს ინფორმაცია უფრო ადრე თავად სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა მიაწოდა ჟურნალისტებს.

 

სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და მთავარ პროკურატურას და მოითხოვა დეტალური ინფორმაცია მომხდარი ინციდენტისა და მიმდინარე გამოძიების თაობაზე, კერძოდ, რა გარემოებებში და ვისი თანდასწრებით მოხდა ინციდენტი, არის თუ არა დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირის/პირების მიერ, რა კითხვები დაისვა გამოძიების მიერ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წინაშე.

 

როგორც გეგუთის #14 დაწესებულებიდან, ისე ზ.ცხაკაიას სახ. ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან საქართველოს სახალხო დამცველმა 2013 წლის 24 მაისს გამოითხოვა ლ.კ.-ს  სამედიცინო დოკუმენტაციისა და ჩანაწერების ასლები. სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან კი, ასევე 2013 წლის 24 მაისს გამოთხოვილ იქნა ვიდეოკამერების ჩანაწერების ასლები, რომლებიც ასახავს ლ.კ.-ს გადაადგილებას #14 დაწესებულების ტერიტორიაზე, დაწესებულებაში შესვლიდან მის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე.

 

თავად გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები აღნიშნული ფაქტის გამო მოითხოვენ პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, გეგუთის დაწესებულების ხელმძღვანელის დასჯას.

მასალების გადაბეჭდვის წესი