ახალი ამბები

საქართველო გაწევრიანდა ალიანსში, რომელიც წამებისთვის საჭირო საქონლით ვაჭრობას აღკვეთს

19 სექტემბერი, 2017 • 1967
საქართველო გაწევრიანდა ალიანსში, რომელიც წამებისთვის საჭირო საქონლით ვაჭრობას აღკვეთს

ნიუ-იორკში, სადაც ამ კვირაში გაეროს გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს, 19 სექტემბერს “წამებისგან თავისუფალი ვაჭრობის საერთაშორისო ალიანსი” დაფუძნდა. ამ ალიანსს საქართველოც შეუერთდა. აღნიშნული ინიციატივა ევროკავშირის, არგენტინისა და მონღოლეთის საერთო ძალისხმევის შედეგია, რომელსაც, საერთო ჯამში, 58 ქვეყანა შეუერთდა და მიზნად ისახავს, აღიკვეთოს ისეთი საქონლით ვაჭრობა, რომელიც სიკვდილით დასჯისა და წამებისთვის გამოიყენება.

საერთაშორისო სამართალი კრძალავს წამებას ნებისმიერ სიტუაციაში. მიუხედავად ამისა, სიკვდილის და ტკივილის გამომწვევი იარაღით ვაჭრობა კვლავაც მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში. ასეთ იარაღს შორისაა ხელკეტები მეტალის წვეტიანი შვერილებით, ელექტროშოკის ქამრები, ადამიანის დამჭერი მოწყობილობა, რომელიც იმავდროულად დენს არტყამს, ადამიანის მოსაკლავი ქიმიკატები და მათი თანმდევი იძულებითი ინექციის სისტემები.

“ამ საქონლის დანიშნულება სხვა არაფერია, გარდა ადამიანისთვის საშინელი ტკივილის მიყენება და მისი მოკვლა.  ახლა კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ ამ საზარელ ვაჭრობას საბოლოოდ მოვუღოთ ბოლო. აღფრთოვანებული ვარ, რომ მსოფლიოს ამდენმა ქვეყანამ მოაწერა ხელი საერთო დეკლარაციას და შეუერთდა ალიანსს. ასეთი ერთიანობით ვაჩვენებთ, რომ მსგავს ვაჭრობას აღარ შევეგუებით,”- განაცხადა სესილია მალშტრომმა, ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში.

გუშინ დაფუძნებულ ორგანიზაციაში მსოფლიოს 58 ქვეყანა გაწევრიანდა, როგორც აფრიკიდან და ამერიკიდან, ასევე, ევროპიდან და აზიიდან. მათ საერთო პოლიტიკური დეკლარაცია მიიღეს.  ალიანსში გაწევრიანებით ქვეყნები შეთანხმდნენ ოთხ სამოქმედო პუნქტზე:

[checklist]

  • ამგვარი საქონლის ექსპორტის კონტროლისა და შეზღუდვის მიზნით ზომების მიღება;
  • საბაჟოების შესაფერისი ინსტრუმენტებით აღჭურვა. ალიანსი ჩამოაყალიბებს პლატფორმას, რომელიც შესაძლებელს გახდის სავაჭრო ნაკადების მეთვალყურეობას, ინფორმაციის გაცვლას და ახალი პროდუქტების აღმოჩენას;
  • ტექნიკური მხარდაჭერის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ამგვარი ვაჭრობის აკრძალვის მიზნით კანონების მიღებასა და განხორციელებაში ქვეყნების დასახმარებლად;
  • გამოცდილების გაზიარება ეფექტური კონტროლისა და აღსრულების სისტემების გასავითარებლად.

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი