ახალი ამბები

საია: მერაბიშვილმა და ჭიაბერაშვილმა სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლეს

23 მაისი, 2013 • • 1078
საია: მერაბიშვილმა და  ჭიაბერაშვილმა სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლეს

როგორც “ნეტგაზეთს” საიას თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ განუცხადა, საიას მონიტორი მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესს, სადაც მათი აღკვეთის ღონისძიების ფორმა განისაზღვრა, თავიდან ბოლომდე დაესწრო და მხარეთა არგუმენტები მოისმინა. ორგანიზაცია მიჩნევს, რომ მოსამართლეს მიკერძოება არ გამოუვლენია და იგი ნეიტრალური არბიტრის როლის შენარჩუნებას ცდილობდა. საია მიიჩნევს, რომ მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა მოვალეობებს თავი კარგად გაართვა.


“უშუალოდ განხილვის პროცესში ჩვენი მონიტორების შეფასებით, რაიმე დარღვევაზე საუბარი არ არის. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების დასაბუთებულობის შეფასებას, ჭიაბერაშვილის ნაწილში უფრო ნაკლებად იყო [პროკურატურის მხრიდან] დასაბუთებული პატიმრობის გამოყენების ღონისძიება. რაც შეეხება მერაბიშვილთან მიმართებაში, პროკურატურას, ჩვენი აზრით, დაახლოებით 5–6 წონიანი არგუმენტი ჰქონდა, თუ რატომ უნდა გამოყენებულიყო პატიმრობა. სხვა საკითხია ის, რომ კონკრეტულ მოსამართლეს პატიმრობა მიაჩნდა ეფექტურად და შეიძლება სხვა მოსამართლეს სხვა რამ მიეჩნია, მაგრამ ზოგადად იმის თქმა, რომ, როგორც ასეთი, პატიმრობის გამოყენება დაუსაბუთებელი და უკანონო იყო, არ გამოდის… სხვა მოსამართლეს შეიძლება სხვა შეფასება მიეცა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ დაუსაბუთებელი იყო”,  – აცხადებს კოჟორიძე და იმ არგუმენტებს უსვამს ხაზს, რომელიც პროკურატურამ სასამართლოში წარმოადგინა მერაბიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე.


“პროკურატურის განცხადებით, მერაბიშვილს ჰქონდა დიპლომატიური პასპორტი და მას შეეძლო, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ გასულიყო… თან ეს იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა მიიღო ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც დიპლომატიური პასპორტის მოქმედების ვადა გახანგრძლივდა, ანუ  მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილი პრემიერი აღარ იყო, პრეზიდენტის ბრძანებულებით, მას მაინც მიეცა დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება. ამასთანავე, იყო რაღაც კითხვის ნიშნები ლევან მაისურაძის სახელით საზღვრის გადაკვეთასთან მიმართებაში. ასევე პროკურატურა ხაზს უსვამდა იმას, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას ედავებოდა მერაბიშვილს და სწორედ დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე ითხოვდა პტიმრობის შეფარდებას. პროკურატურა საუბრობდა იმაზე, რომ მას შემდგ, რაც მერაბიშვილი დაკითხვაზე დაიბარეს, მისმა მეუღლემ დატოვა ქვეყნის საზღვრები. პროკურატურა აცხადებდა, რომ ეს გაკეთდა იმისათვის, რომ მერაბიშვილსაც დაეტოვებინა ქვეყანა”.


როგორც ცნობილია, გუშინდელ სასამართლო პროცესზე მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის ადვოკატები სასამართლოს წინაშე შუამდგომლობდნენ, რომ არანაირი აღკვეთის ღონისძიება არ ყოფილიყო გამოყენებული, როგორც ვანო მერაბიშვილის, ისე ზურაბ ჭიაბერაშვილის მიმართ. ადვოკატ გიორგი გელხაურის განცხადებით, ზურაბ ჭიაბერაშვილის, როგორც ყოფილი ელჩის, მიმართ არაუფლებამოსილმა პირმა დაიწყო გამოძიება და, შესაბამისად, მოპოვებულ მტკიცებულებებს არ აქვს იურიდიული ძალა. იგივე არგუმენტაციას ემყარებოდაა მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი. ადვოკატები პროკურატურის შესახებ კანონის მე-8 მუხლზე მიუთითებდნენ, რომელიც ეხება იმ პირთა ჩამონათვალს, რომელთა წინააღმდეგაც იუსტიციის მინისტრი ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას და არა პროკურორი. კახა კოჟორიძე ამბობს, რომ იგი მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის ადვოკატების არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ ამ უკანასკნელებისთვის ბრალი არა პროკურორს, არამედ იუსტიციის მინისტრს უნდა წაეყენებინა, არ იზიარებს.


“ჩვენს კოლეგებს, პატივისცემის მიუხედავად, ვერ დავეთანხმებით. აქ არის ასეთი მომენტი: კანონის მიხედვით, თუ მოცემულ მომენტშია პირი პრემიერ–მინისტრი ან მინისტრი, მაშინ მას იუსტიციის მინისტრმა უნდა წაუყენოს ბრალი, მაგრამ ყოფილი თანამდებობის პირებზე კანონში რაიმე ჩანაწერი, რომ მათაც იუსტიციის მინისტრმა უნდა წაუყენოს ბრალი,  არ არსებობს. უნდა დაისვას კითხვა: არის ამ კონკრეტულ მომენტში მერაბიშვილი პრემიერ–მინისტრი? – არ არის. არ აქვს მას ეს სტატუსი და აქედან გამომდინარე, ის ვალდებულება, რომ მაინცდამაინც იუსტიციის მინისტრს უნდა წაეყენებინა ბრალი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს”,  – აცხადებს კოჟორიძე.


საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები საუბრობდნენ იმაზე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ყოფილი პოლიტპატიმრების მიერ გამართულმა აქცია სასამართლოზე ზეწოლა, ხოლო მოსამართლის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა. ამ შინაარსის განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დეპუტატმა დავით საყვარელიძემ გააკეთა. კახა კოჟორიძე ამ საკითხთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს უფრო პოლიტიკური შეფასებაა, ვიდრე – სამართლებრივი.


“იქ იყო ორივე მხარის შეკრება… სამწუხაროდ, ჩვენი მონიტორი არ ყოფილა აქციაზე, მაგრამ ზოგადად ის, რომ სასამართლოს შენობასთან აქცია იმართება, ეს არ არის ის ფორმა, რაც  ჩვენ მოგვცემდა საფუძვლად იმის თქმის საშუალებას, რომ ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობაში თუ ობიექტურობაში ჩარევა. ადამიანის უფლებაა, რომ თავისი მოსაზრება გამოხატოს სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი. მე ვისურვებდი იმას, რომ სასამართლოს მიმართ არავითარი მოწოდება არ ყოფილიყო, თუმცა, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებაა, რომ თქვას, მე ვისურვებდი ასეთ გადაწყვეტილებას. აქციიის ჩატარება კანონსაწინააღმდეგო არ იყო. ჩვენი მონიტორი სასამართლო პროცესზე თავიდან ბოლომდე იმყოფებოდა და რაც ჩვენ დავინახეთ, სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ნეიტრალური არბიტრის როლს ინარჩუნებდა, მიკერძოებას არ ამჟღავნებდა. მოსამართლემ თავისი ვალდებულება შეასრულა კარგად. იმას, რომ სხდომაზე მოსამართლეზე რაიმე სახის ზეწოლას ჰქონდა ადგილი, ამას ჩვენ ვერ ვიტყვით”,  – განაცხადა მან.


შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით ახალბედაშვილმა ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს – 20 ათასლარიანი გირაო.


მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) აქვთ წარდგენილი, რაც ითვალისწინებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქმე ეხება 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას. პროკურატურა მიიჩნევს, რომ სოციალური აგენტები ამ პროგრამის ფარგლებში თვალთმაქცურად დაასაქმეს და ისინი სინამდვილეში წინასაარჩევნო პერიოდში ასრულებდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ დავალებებს. იმ დროისთვის მერაბიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ხოლო ჭიაბერაშვილი – ჯანდაცვის მინისტრი.

ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი
ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი

მასალების გადაბეჭდვის წესი