ახალი ამბები

როგორც კი მერიაში შევალთ, მაშინვე დასრულდება ეს უმსგავსობა – კალაძე პარკირებაზე

18 სექტემბერი, 2017 • 3605
როგორც კი მერიაში შევალთ, მაშინვე დასრულდება ეს უმსგავსობა – კალაძე პარკირებაზე

თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, როგორც კი მერიაში შევა მისი გუნდი, მაშინვე დასრულდება ის უმსგავსობა, რაც პარკირებასთან დაკავშირებით ხდება ქალაქში. ამის შესახებ მან დღეს სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციის წარდგენისას ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადებით, მისი არჩევის შემთხვევაში, თბილისელებს ექნებათ შესაძლებლობა, ნორმალურ გარემოში დააპარკინგონ ავტომობილები.

კალაძის თქმით, დაგეგმილია მიწისქვეშა პარკირების ადგილების მოწყობაც, მათ შორის: ცენტრალური რკინიგზის სადგური, მეტროს სადგური “მარჯანიშვილი”, პუშკინის მოედანი, თბილისის საკონცერტო დარბაზი, მეტროს სადგური ისანი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, თბილისის მერია, გულიას მოედანი, მეტროს სადგური ვარკეთილი და გეგეშიძის ბაღი.

როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, კალაძის გუნდი სულ 3000 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომების მოწყობას გეგმავს. სახელისუფლებო კანდიდატი ამბობს, რომ სატრანპორტო პოლიტიკის გატარებისას ფეხით მოსიარულეთა ინტერესები იქნება პრიორიტეტული, მათ შორის, სავალი ნაწილისა და გადასასვლელების უსაფრთხოება.

გარდა პარკირებასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრისა, კალაძის განცხადებით, მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არამხოლოდ კომფორტული გახდეს, არამედ იყოს პოპულარულიც: “მე ვიქნები ადამიანი, ჩემს თანაქალაქელებთან ერთად, ვინც ამის პოპულარიზაციას გაუწევს.”

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნები 21 ოქტომბერს არის დაგეგმილი. სახელისუფლებო კანდიდატის, კახა კალაძის კონკურენტები არიან ალეკო ელისაშვილი (დამოუკიდებელი), კახა კუკავა (ბურჯანაძის გუნდი), ზაალ უდუმაშვილი (ენმ), თეიმურაზ შერგელაშვილი (შენების მოძრაობა – უსუფაშვილი), ირმა ინაშვილი (პატრიოტთა ალიანსი), ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო) და გიორგი გუგავა (ლეიბორისტები).

მასალების გადაბეჭდვის წესი