ახალი ამბები

“ქართული მარშის” ერთ-ერთ ლიდერს სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

18 სექტემბერი, 2017 • 2167
“ქართული მარშის” ერთ-ერთ ლიდერს სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი, რომელიც გასულ კვირაში კახა კალაძის შტაბთან ადმინისტრაციული წესით დააკავეს, აცხადებს, რომ სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

“მოგეხსენებათ, სოროსის ფონდთან და კალაძის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე აქციის დროს მოხდა ჩემი დაკავება! შსს მედავებოდა ორ მუხლზე- 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (წინააღმდეობის გაწევა). სასამართლომ გამამართლა 166-ეში და დამნაშავედ მცნო 173-ეში და შემიფარდა 500-ლარიანი ჯარიმა”, – წერს სადღობელაშვილი ფეისბუკზე და აღნიშნავს, რომ ის ჯარიმას არ ეთანხმება და გასაჩივრებას აპირებს.

ლადო სადღობელაშვილი და მისი თანამოაზრეები 12 სექტემბერს ჯერ ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისთან მივიდნენ და სოროსის ფონდის დახურვა მოითხოვეს, შემდეგ კი, “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან გადავიდნენ მსვლელობით. სადღობელაშვილი სწორედ კალაძის შტაბთან დააკავეს. მანამდე მან ანთებული მაშხალა ისროლა ჯორჯ სოროსის დაფუძნებული ფონდის მიმართულებით, რომელსაც პოლიციელების კორდონი იცავდა.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მიწის უცხოელებზე მიყიდვის საკითხზე მორატორიუმი აღარ შეეხება ბანკებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი