ახალი ამბები

მარგველაშვილი მერაბიშვილის საკითხზე ევროკავშირისა და აშშ–ის განცხადებებს ბუნებრივს უწოდებს

23 მაისი, 2013 • • 1009
მარგველაშვილი მერაბიშვილის საკითხზე ევროკავშირისა და აშშ–ის განცხადებებს ბუნებრივს უწოდებს

როგორც მინისტრმა დღეს, 23 მაისს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განცხადა, ამ განცხადებებში რაიმე მინიშნება კონკრეტულ დარღვევასთან დაკავშირებით არ ყოფილა.

 

“რაც მე მოვისმინე, [განცხადებები], დაკავშირებული იყო იმასთან, რომ იმედი იყო გამოთქმული, რომ სასამართლო ჩატარდება სამართლიანად და ყველა პროცედურა იქნება დაცული. ასეთი ტიპის განცხადება ყოველთვის კეთდება ხოლმე, როდესაც აკავებენ ყოფილ მაღალი თანადმებობის პირს. ეს ბუნებრივი განცხადებაა. რამე კონკრეტული მინიშნება დარღვევაზე მე იქ არ გამიგია”, – განაცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული შემდეგი კითხვის საპასუხოდ: ხომ არ აისახება ექს–პრემიერის დაპატიმრება საქართველოს იმიჯზე უარყოფითად.


მინისტრის თქმით, იგი იურისტი არ არის, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება შეაფასოს, მაგრამ მისი ვარაუდით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ადეკვატურია.


 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს – 20 ათასლარიანი გირაო. მერაბიშვილის დაკავების ფაქტს ევროკავშირის წარმომადგენლები და აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურნენ. მათი იმედი გამოთქვეს, რომ ექს–პრემიერისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესები გამჭვირვალედ და სამართლიანად  ჩატარდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი