ახალი ამბები

უმცირესობის შეფასებები მერაბიშვილის დაპატიმრებაზე

23 მაისი, 2013 •
უმცირესობის შეფასებები მერაბიშვილის დაპატიმრებაზე

დავით საყვარელიძის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა მეტწილად იმ არანორმალურმა გარემომ მოახდინა, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობის გარეთ შეიქმნა.

 

დავით საყვარელიძე
დავით საყვარელიძე

“მობილიზებული იყო ნანა კაკაბაძის ე.წ. საძმოს თუ, რაც გნებავთ, ის დაარქვით, ე.წ. პოლიტპატიმრების თუ კრიმინალების დაჯგუფება, რომელიც მთელი დღის განმავლობაში სასამართლოსთან სკანდირებდა. ადგილზე ნაპოვნი იყო შამფურის ზომის ე.წ. შტირები. ჩვენი ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში ძალიან ინტენსიური ზეწოლა და მუშაობა მიმდინარეობს ანტიკორუფციული დეპარტამენტის მხრიდან, მიმდინარეობდა სამართარლდამცველი სტრუქტურების მუშაობა და ზეწოლა უშუალოდ ქუთაისის სასამართლოზე”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ არსებული ზეწოლის პირობებში სასამართლო იძულებული გახდა ის გადაწყვეტილება მიეღო, რაც საბოლოო ჯამში მიიღო.

დეპუტატის შეფასებით, პროკურატურის მხრიდან მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილისათვის წაყენებული ბრალი უსუსური იყო. მისი თქმით, პროკურორი ამ უკანასკნელების დაპატიმრების აუცილებლობის მტკიცებისას ამბობდა, რომ მათ საზღვარგარეთ კავშირები გააჩნიათ, რაც მათი ქვეყნიდან მიმალვის საფრთხეს ზრდის, თუმცა მერაბიშვილმა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველო უკვე ოთხჯერ დატოვა და უკან დაბრუნდა. “იგივე ვითარებაა ჭიაბერაშვილთან მიმართებაშიც”.

 

დავით ბაქრაძემ კი ნაცმოძრაობის მხარდამჭერებსა და იმ ადამიანებს მიმართა, ვინც ფიქრობენ, რომ ექს-პრემიერის დაკავება ქვეყნისთვის კარგი არ არის და მათ სიმშვიდისაკენ მოუწოდა.

 

“დღეს, ვიღაცისთვის სამწუხაროდ და ვიღაცისთვის სასიხარულოდ, პოლიტიკური ცხოვრება გადავიდა ახალ ეტაპზე. ვფიქრობ, ეს არის დღე, როდესაც ყველა ის ადამიანი, ვინც მიიჩნევს, რომ ეს იყო სასიხარულო, სასეირო, გულის მოსაფხანი მოვლენა, რამდენიმე თვეში დარწმუნებდა, რომ, სამწუხაროდ, დღევანდელი დღე არის ძალიან სერიოზული და შეუქცევადი ცვლილებების დასაწყისი საქართველოსთვის და საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისთვის. თუ ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ ცალკეული ლიდერების დაპატიმრებებით ნაციონალური მოძრაობა განადგურდება და აღარ იარსებებს, ბოდიშს გიხდით, მაგრამ ეს ილუზია დარჩება ილუზიად. ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს ცხოვრებასაც და არსებობასაც, პოლიტიკურ ბრძოლასაც და რაც უფრო მეტი ზეწოლა და რეპრესია იქნება ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ,  გარწმუნებთ, რომ მით უფრო ძლიერ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდება ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა მან. 

 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს -20 ათასლარიანი გირაო.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან დღეს დილიდან დაიწყეს შეკრება ყოფილმა პოლიტპატიმრებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას, ვანო მერაბიშვილის დასჯას და ციხეში ჩასმას მოითხოვდნენ. პარალელურად ქუთაისში, წინასწარი დაკავების იზოლატორთან, სადაც იმყოფებოდნენ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, მოიყარეს თავი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე თითქმის მთელი დღის მანძილზე პატრულირებდა პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა. მათ გაკეთებული ჰქონდათ კორიდორი, თუმცა, ამის მიუხედავად, მცირე ინციდენტებს, ძირითადად, სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი დაპირისპირებულ მხარეებს შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი